„ფრანცია“ და „ლონდონი“ – პირველი კლასის სასტუმროები ძველ ბათუმში

ბათუმში, ამჟამინდელი ზვიად გამსახურდიას, ყოფილი 9 აპრილის, მანამდე ორჯონიკიძისა და კიდევ უფრო ადრე, მიხაილოვის ქუჩაზე, მე-19 საუკუნის მიწურულს ბანკებისა და სასტუმროების უმეტესობა მდებარეობდა. ეს ქუჩა მე-19 საუკუნის 60-იანი წლებში გაჩნდა ბათუმში და, ძირითადად, სავაჭრო და საზოგადოებრივი შენობების სიმრავლით იყო ცნობილი.

მაშინ ბათუმში სულ ათამდე სასტუმრო იყო და რამდენიმე მათგანი პირველი კლასის სასტუმროდ მიიჩნეოდა, მათ შორის: `ფრანცია~, `ბელ-ვიუ~ და `ევროპა~. სწორედ აქ ჩერდებოდნენ ბათუმში ჩამოსული უცხოელები და მდიდარი ქართველები.

მიხაილოვის, თანამედროვე ზვიად გამსახურდიას ქუჩის ექვს ნომერში, მე-19 საუკუნის ბოლოს, სასტუმრო `ფრანცია~ მოქმედებდა, რომლის მეპატრონე ალექსანდრე ბახმეტოვი გახლდათ. დღეს ეს შენობა ნაკლებად ჰგავს ძველ ბათუმურ სასტუმროს, სადაც პირველ სართულზე რამდენიმე ფარდული და რესტორანი იყო განთავსებული, ეზოში ქვის შენობა _ სავარაუდოდ, სამზარეულოსთვის გამართული, ზედა ორ სართულზე კი _ სასტუმროს ნომრები.

მხატვრული თვალსაზრისით ეს შენობა ძველი ბათუმის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იყო. სასტუმრო `ფრანციას~ არაერთი ფოტოა დაცული არქივებში, რომლის მიხედვითაც აშკარად ჩანს, რამდენი ცვლილება გადაიტანა ოდესღაც მიხაილოვის ქუჩაზე აგებულმა შენობამ.

სასტუმროს სახელწოდება შენობაზე ორ ენაზე, ფრანგულად და რუსულად იყო წარმოდგენილი. მანსარდებითა და რკინის აივნებით მორთული შენობის პირველ სართულზე თამბაქოს მაღაზიისა და ვინმე ბალუაშვილის დუქნის აბრებიც კი იკითხება. ფოტოზე ჩანს, როგორ მოძრაობს სადად, რუსულ-ევროპულ ყაიდაზე ჩაცმული ხალხი სასტუმროს წინ, ქუჩის კუთხიდან კი ეტლი შემოდის.

სასტუმრო `ფრანცია~ ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ სასტუმროდ რომ მიიჩნეოდა, ამაზე სხვადასხვა წყაროები მოწმობენ. ამ სასტუმროს თავის მოგონებებში ახსენებს აქვსენტი ცაგარელიც, რომელიც წერს, რომ ქალაქში რამდენიმე ევროპული სასტუმრო იყო, მათ შორის `ფრანცია~, რომელსაც `რიგიანად მოწყობილი~ ნომრები ჰქონდა.

იმავე ქუჩის 13 ნომერში ასეთივე ევროპული სახელწოდების კიდევ ერთი სასტუმრო იყო. `ლონდონი~ პირველი კლასის სასტუმროს წარმოადგენდა. მისი მფლობელები ვინმე გუგუშვილი და გაბელია ყოფილან. ვერანდაზე მოწყობილი ბაღის წყალობით, `ლონდონი~ ქალაქში საკმაოდ პრესტიჟულ სასტუმროდ მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სასტუმროს შენობა ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, მისი მხატვრულ- არქიტექტურული მნიშვნელობა ბათუმისთვის დიდია.

კიდევ ერთი პირველი კლასის სასტუმრო _ `ბელ-ვიუ~ სანაპიროზე მდებარეობდა. `ბელ-ვიუს~ სარეკლამო ფურცელში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასტუმროში ნომრები ავეჯითაა გაწყობილი, არის ელექტრონი, ტელეფონი, პიანინო, სასტუმროს ფანჯრებიდან კი ზღვის ხედი იშლება. `ბელ-ვიუში~ პირველი კლასის რესტორანიც ფუნქციონირებდა, სადაც ევროპული და რუსული სასმელების ფართო არჩევანიც ყოფილა. `ბელ-ვიუს~ მფლობელი კი სომეხი გახლდათ, გვარად სულულიკიანი.

ბათუმის პირველი კლასის სასტუმროებში ფასები 1-მანეთიდან 5-მანეთამდე მერყეობდა, ნომრის კეთილმოწყობისა, ხედისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით. ეს არ იყო მცირე თანხა მაშინდელი ფასების გათვალისწინებით, როცა ბათუმში საქონელი საკმაოდ იაფი ღირდა და აქ სავაჭროდ საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

თუკი 1891 წლის გაზეთ `ივერიას~ #146 თვალს გადაავლებთ, დარწმუნდებით, რომ ბათუმზე დღესაც თითქმის ისე წერენ, როგორც მე-19 საუკუნის ბოლოს. ქალაქი სწრაფად იზრდება, ლამაზდება, იცვლება… აი, რას წერს ილია ჭავჭავაძის `ივერია~: `ამ მოკლე ხნის განმავლობაში ბათუმი ისეთი სიჩქარით და სისწრაფით იზრდებოდა, მატულობდა და წინ მიდიოდა ყოველივე, რომ ამნაირი არაჩვეულებრივი წარმატება ქვეყანას აკვირვებდა და თვით ბათუმის მკვიდრნი ხომ განცვიფრებაში მოდიოდნენ. თითქმის ყოველ კვირას, რომ არა ვთქვათ ყოველ დღეს, მეთვალყურის თვალწინ იბადებოდა ახალი შენობა, რომელიმე ახალი დაწესებულება, ახალი ქუჩა, ახალი ქარხანა და სხვადასხვა…

ბათუმი იზრდება და მატულობს არათუ წლობით და თვეობით, არამედ დღე-დღეობით. დიახ, ბათუმს ამ ცოტა ხანში დიდი და სახარბიელო მერმისი ელის~ (`ივერია~, 1891 წელის # 146).

`სახარბიელო მერმისის~ მოლოდინში გავიდა საუკუნეზე მეტი. დღეს ბათუმში ძალიან ბევრი სასტუმროა, მაგრამ აღარ არსებობს არც სასტუმრო `ფრანცია~, არც `ბელ-ვიუ~… ეს სასტუმროები, მათი მფლობელებით, შენობის თავდაპირველი ფასადებით, ავეჯით გაწყობილი ნომრებითა და `პასაჟირებით~ (ასე უწოდებდნენ სასტუმროში გაჩერებულ პირებს), მხოლოდ ფოტოებსა და ჩანაწერებში შემორჩა. ბათუმიც შეიცვალა და არც ის გაზეთი გამოდის, პირველ გვერდზე რომ ეწერა: `დამაარსებელი  და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე~.

 

ნანა კვაჭაძე

 

 

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s