თვითმფრინავის გამტაცებლები-უშიშროების არქივიდან

1970 წლის 15 ოქტომბერს, 13:35 საათზე (ადგილობრივი დროით), ბათუმის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი _ AH-24 46 მგზავრით (მათ შორის იყო ოთხი წლის ბავშვი), სოხუმის მიმართულებით გაფრინდა. შვიდი-რვა წუთის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი შეწყდა. ფოთსა და ქობულეთს შორის საჰაერო ლაინერი 180 გრადუსით შემობრუნდა, რამდენიმე წუთში 500-600 მეტრ სიმაღლეზე ბათუმის აეროპორტს თავზე გადაუფრინა და გეზი თურქეთისკენ აიღო.

თვითმფრინავმა საზღვარი გადაკვეთა და ღრუბლებში გაუჩინარდა… საბჭოთა კავშირში გაუგონარი ფაქტი მოხდა. საბჭოთა სივრციდან თვითმფრინავი დაუგეგმავი მიმართულებით გაფრინდა.

მეორე დღეს, 1970 წლის 16 ოქტომბერს, აჭარის ასსრ უშიშროების საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, მაიორმა არჩაიამ, განიხილა ფაქტები იმის შესახებ, რომ მოხდა შეიარაღებული თავდასხმა თვითმფრინავის მოსამსახურე პერსონალზე. …და თვითმფრინავი თურქეთში, ტრაპზონის აეროპორტში დაჯდა.

ბოროტმოქმედებმა დაჭრეს ეკიპაჟის ორი წევრი (სინამდვილეში კი დაჭრილი იყო სამი წევრი), მოკლეს ბორტგამცილებელი ნ. კურჩენკო.

`ორი უცნობი მოქალაქე~ ანუ თავდამსხმელები, ნებაყოფლობით ჩაჰბარდნენ თურქეთის სამართალდამცავებს, იარაღი ჩააბარეს და თავშესაფარი ითხოვეს.

18 ოქტომბერს აჭარის ასსრ და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამსახურებმა უკვე კარგად იცოდნენ, თუ ვინ იყო ის `ორი უცნობი მოქალაქე“, რომლებმაც საბჭოთა კავშირში გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს.

პრანას სტასიო ბრაზინსკასი (იგივე კორევიო, მეორე ქორწინების დროს ცოლისაგან მიღებული გვარი), დაიბადა 1924 წელს ლიტვაში, ტრაკაის რაიონის სოფელ ბეიჯონისში; არასრული განათლებით, ორჯერ სპეკულანტობისთვის ნასამართლევი. რამდენიმე ხანს ცხოვრობდა უზბეკეთში. პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სამი შვილი, რომელთაგან უმცროსი ალგირდას პრანო ბრაზინსკასი, იმდროისათვის 15 წლის, თვითმფრინავის გატაცების თანამონაწილე იყო.

ახლობლებმა განაცხადეს, რომ პრანასის არ მოსწონდა საბჭოთა კავშირი, ოცნებობდა კაპიტალისტურ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მისი აზრით, მისი სამშობლო იქ იქნებოდა, სადაც კარგად იცხოვრებდა.

ლიტველი მამა-შვილი _ პრანას და ალგირდას ბრაზინსკასები სოხუმიდან ჩამოფრინდნენ იმავე თვითმფრინავით, რომელიც გაიტაცეს. ბათუმამდე მგზავრობის დროს მათ კარგად შეისწავლეს ეკიპაჟის შემადგენლობა და დააზუსტეს ყველა წვრილმანი, რაც მათი მიზნის განხორციელებისთვის აუცილებელი იქნებოდა.

ბრაზინსკასებმა უკან, სოხუმში, დასაბრუნებელი ბილეთები ბათუმში იმავე დღეს შეიძინეს და დაიკავეს პირველი რიგის `ბ~ და `გ~ ადგილები.

თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში ალგირდას ბრაზინსკასმა გამოიძახა ბორტგამცილებელი. ნადეჟდა კურჩენკოს პრანასმა უბრძანა, მფრინავებთან მიეტანა კონვერტი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო მთელი რიგი შესასრულებელი ბრძანებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დაემუქრა.

ნ. კურჩენკო მფრინავების კაბინაში შევარდა, კონვერტი მეთაურს გაუწოდა და იკივლა: `Бандиты _ нападение!~, რასაც პისტოლეტიდან სროლის ხმა მოჰყვა. ნ. კურჩენკო უსულოდ დაეცა.

ეკიპაჟის მეთაურმა _ გ. ჭახრაკიამ თვითმფრინავის მანევრირება დაიწყო თავდამსხმელების წონასწორობის დაკარგვის მიზნით. ამის საპასუხოდ ატყდა სროლა. მძიმედ დაჭრილმა ეკიპაჟის წევრმა _ ვ. ფადეევმა გონება დაკარგა…

თვითმფრინავში განვითარებულმა მოვლენებმა მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ატყდა კივილი, ტირილი…

ალგირდას ბრაზინსკასმა მგზავრების დასაშინებლად და მათზე კონტროლის დასამყარებლად სალონში ორჯერ ისროლა.

მდგომარეობა საშინელი და უიმედო იყო, მაგრამ თავდამსხმელთა გეგმამ გაამართლა და თვითმფრინავი ტრაპზონის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.

თურქეთის სამართალდამცავებმა თავშესაფარის მაძიებელი მამა-შვილი დააპატიმრეს, დაჭრილებსა და სტრესის ქვეშ მყოფ მგზავრებს კი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასტუმროში დააბინავეს და მეორე დღეს ბათუმში დააბრუნეს.

ბათუმში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ იმავე დღეს სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას, დამნაშავეები უკან დაებრუნებინათ. სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ნოტაში გარკვევით იყო აღნიშნული, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობისთვის ბრაზინსკასების გადაცემას.

არა თუ დაბრუნება, თურქეთში საბჭოთა სამართალდამცავებს ბრაზინსკასების დაკითხვის საშუალებაც კი არ მისცეს. საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მას შემდეგაც არაერთხელ სცადეს თურქეთიდან ბრაზინსკასების ექსტრადაცია (1970 წლის 29 ოქტომბერი, 1971 წლის დასაწყისში, 1973 წელს, 1974 წლის 5 ივლისი), მაგრამ უშედეგოდ.

თურქეთის საკასაციო სასამართლოს დადგენილებით, ბრაზინსკასების დანაშაული იყო არა პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლის, ამიტომ 1971 წლის დასაწყისში საქმე, შემდგომი მსვლელობისთვის, ტრაპზონიდან ანკარაში გადაიგზავნა, ხოლო 1974 წლის მაისში, ამნისტიის საფუძველზე, შეწყალებული მამა-შვილი გაათავისუფლეს პოლიციის ზედამხვედელობის ქვეშ.

თურქეთის ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული საბჭოთა თვითმფრინავის გამტაცებლები 1974 წლის 12 სექტემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო კოლეგიამ, ი. სუმბათაშვილის თავმჯდომარეობით, გაასამართლა.

მამას, პრანას სტასიო ბრაზინსკასს (იმავე კორეივოს), მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილით დასჯა; შვილს _ ალგირდას პრანო ბრაზინსკასს კი, ვინაიდან იგი არასრულწლოვანი იყო _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლო პროცესს არც მამა და არც შვილი არ დასწრებია.

მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა. საბჭოთა კავშირში თვითმფრინავის პირველი გამტაცებლების, რომლებმაც ქვეყანა ასეთი ბარბაროსული გზით დატოვეს, საქმე წლების განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ დარჩა. საჰაერო ლაინერის ეკიპაჟის წევრები კი `ტექნიკური გაუმართაობის გამო~ თურქეთის აეროპორტში თვითმფრინავის უვნებლად დაშვებისა და მგზავრთა გადარჩენისთვის მოგვიანებით დააჯილდოვეს.

ავტორი:

policai.ge

About these ads

One response to “თვითმფრინავის გამტაცებლები-უშიშროების არქივიდან

  1. მე როგორც ვიცი მამა შვილი ბრაზინსკასები აშშ-ში გადავიდნენ საცხვორებლად და არც თუ ისე დიდი ხნის წინ პრანო ბრაზინსკასმა მამა სტასიო ბრაზინსკასი მოკლა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s