“ბათუმის ქალაქი ასიოდე უბედურ სახლს და ქოხს ჰქვია”

1872 წლის მარტი, ფოთის ნავსადგური, ხომალდი “იუნონა”.  “გემი ხვნეშით და ვაი-ვაგლახით შეცურდა ზღვაში და გაექანა ბათუმისაკენ…” _ წერს ცნობილი ქართველი კომერსანტი და პუბლიცისტი _ ნიკო ნიკოლაძე, რომელიც “იუნონას” ბათუმში ჩამოყვა.

`სტამბოლისა და სებასტოპოლის გარდა, შავ ზღვას ბათუმისთანა ძვირფასი თვალი არ ჰქონდა და არა აქვს, და ეს ძვირფასი თვალი, რომელიც ჩვენი იყო და რომლის გარშემოც დღესაც ჩვენი ქართველი ხალხი ცხოვრობს, _ დაკარგული და მივარდნილია…

ხალხის სიღარიბის გამო აქ შემოაქვთ უცხო ქვეყნიდან მარტო უბრალო ჩით-ჩუთი, თოკები, მაუდეულობა და ჰყიდიან წვრილ-წვრილ დუქნებში და ბაზრებში. ვაჭრობენ განსაკუთრებით სომხები და თათრები, მაგრამ აქა და იქ აჭარელი ვაჭარიც შეგხვდება კაცს…~

_ წერს ნიკოლაძე პუბლიცისტურ წერილში _ `სხვათა შორის~ (ნაგრძნობი და განაგონი).

`ბათუმის ბაზარს რომ მივუახლოვდი, ჯერ კიდევ დაღამებული არ იყო. ხალხი ბაზარში ნაკლებად იპოვებოდა, მაგრამ ვაჭრები კი დიდ ამბავში იყვნენ: ზოგი დუქანს ჰკეტავდა, ზოგი მოგებას ითვლიდა, ზოგი მეზობელს ებრძოდა, ზოგი მუშტარზე ლაზღანდარობდა… ერთი მოხუცებული აჭარელი კვერნის ტყავს ითვლიდა თავის დუქანში და თავის შეგირდს თუ შვილს დუქანს ახვეტინებდა, დასაკეტად ამზადებდა.

მე იმას შევევაჭრე, და სანამ კვერნას მაშინჯვინებდა, აჭარაზე და ქართულ ენაზე ლაპარაკი ჩამოვუგდე. მოხუცმაც ლაპარაკი გამიმართა და მითხრა იმ რწმენით და უეჭველობით, რომელიც მოხუცის ნათქვამს ნიადაგ აბეჭდია: _ რაის იქს კაცი, თვარა ამ აბდალ თათრებს თავს რავა გავაღლეტინებდით. აქ არიან დიდგულაი დედაგაქუცულები, თვარა აჭარაში, მთაში, რავა მოგვეკარება; კაი გულის პატრონი უნდა, რომ იქ მოიჭრას. მაშ ხარჯს როგორ კრეფენ-მეთქი, ვკითხე. რავა და ბეგები ჰყავთ, თავადები, იგი ბოჭს და თათარს აძლევს… გადგომაც იცის ბეგმა, მარა თათარი ჩხუბს უქმს, ჯარს შეუსევს, მის თავს ფარად გასცემს…~

`ავცილდი თუ არა ბაზრის ვიწრო შარას, სადაც ტალახი ზამთარ-ზაფხულ ჰაერს ამყრალებს და გამვლელ-გამომვლელს ზაფრით და სუნით გულს უკლავს, მე დავიბენი `ბათუმის ქალაქში~. ბათუმის ქალაქი ასიოდე უბედურ სახლს და ქოხს ჰქვია. ზოგი იმათგანი დაბწნილი და შეტკეჩილი ფაცხაა, ზოგი ფიცრულია. ორიოდე შენობა ქვითკირისაც მოიძებნება. ცოდვა არ არის, ამისთანა ბუნებისგან მდიდრათ დაჯილდოვებულ ბოზოღში, რომელიც აღებ-მიცემობით აყვავებული და გაბრწყინებული უნდა იყოს, ასე ღარიბათ და ღატაკად სცხოვრობდეს ხალხი?!~ _ წერს ნიკო ნიკოლაძე.

ბათუმიდან გამგზავრების წინ, `იუნონას~ მოლოდინში ნიკოლაძე ბათუმის ნავსადგურში შეკრებილ ახალგაზრდებს გასაუბრებია, რომლებიც თურქულ გაზეთს კითხულობდნენ. ნიკო ნიკოლაძეს მათთვის უკითხავს, იცოდნენ თუ არა, რომ ქართულენოვანი გაზეთებიც არსებობდა. ნიკოლაძე წერს, რომ ამ კითხვამ ნავსადგურთან შეკრებული ახალგაზრდები გაამხიარულა. მათ არ სჯეროდათ, რომ ქართულ ენაზე გაზეთის წაკითხვა შესაძლებელი იყო.

ბრიტანული გაზეთი `დეილი ნიუსი~, 1876 წელი: `ბათუმის ნავსადგური ერთადერთი უსაფრთხო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმამდე. აქ წყალი იმდენად ღრმაა, რომ ყველა დიდ გემს შეუძლია ჩაუშვას ღუზა ნაპირთან ახლოს. გემების დატვირთვა და გადმოტვირთვა შეიძლება ყოველგვარ ამინდში. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლური ქარები, რომლებიც აღწევენ კავკასიის ნაპირებს, არასოდეს უბერავენ ბათუმის ნავსაყუდელის სანაპიროს…

ბათუმი ამჟამად უსარგებლოა მსოფლიოსათვის და ასეთი იქნება იგი ყოველთვის, თუ იგი თურქების ხელში დარჩება. საუკეთესო მთავრობის ხელში კი იგი მალე მიაღწევს წარმატებას…~

1878 წელი ახლოვდებოდა, რუსეთ-თურქეთის ომი და სან-სტეფანოს ცნობილი ზავი, რის შედეგადაც, სამსაუკუნოვანი განშორების შემდეგ, ბათუმი ისევ საქართველოს უმთავრესი საზღვაო ქალაქი უნდა გამხდარიყო.

 

 

სტატია მომზადებულია შემდეგ მასალაზე დაყრდნობით:

რევაზ უზუნაძე- ბათუმის ისტორიიდან;

თეიმურაზ კომახიძე  _ ქალაქ ბათუმის ქუჩების ისტორია; ნიკო ნიკოლაძე _ თხზულებანი; ვლადიმერ სიჭინავა _ ბათუმის ისტორიიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s