ბათუმი ევროპულ პორტოლანებზე… გენუელები ქალაქში

ძველი, ევროპული საზღვაო რუკები, ე.წ. “პორტოლანები”… მათი უმეტესობა იტალიელი კარტოგრაფების მიერაა შედგენილი, რომელთაც მე-13-15 საუკუნეებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. შესაბამისად, კარგად იცნობდნენ საქართველოს ზღვისპირა დასახლებებს.

მე-13 საუკუნიდან სწორედ ევროპულ საზღვაო რუკებზე ჩანს ბათუმი, როგორც შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური. ლოვატი, ვათანი, ვატი, ბათინი, ლოათონი, ბოთანი _ ასე აღნიშნავდნენ ევროპელები თავიანთ შედგენილ რუკებზე ბათუმს. ყველა ამ სახელწოდების ამოსავალი ფორმა ბათომია.

ამ მხრივ აღსანიშნავია ვენეციელთა (მე-13 საუკუნე), პეტრუსა ვესკონტეს (1313-1320 წწ.), ვენეციელი ძმების _ ფრანცისკა და დომინიკა პიციგანების (1367 წ.), ძველი ევროპული (1426 წ.), გრაციზო ბენიკაზას (1480 წ.), დიეგო ომემას (1559 წ.) და ჯაკოფო გასტოლდის (1561 წ.) რუკები.

კარტოგრაფიული ნიშნებით რუკებზე ქალაქი მითითებულია მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა სანაპიროზე, შესართავის სიღმეში. რუკაზე მდინარის ქვემოწელი მსხვილი პლანითაა წარმოდგენილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქი გაშლილი უნდა ყოფილიყო მდინარე ბარცხანის სანაპიროს ზოლზე, საკმაოდ დიდ მანძილზე.  შესართავი, მდინარის გარკვეული მონაკვეთის ჩათვლით, ნავსადგურად უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

საზღვაო რუკების გარდა, ბათუმი მე-13 საუკუნიდან ჩნდება ევროპაში შედგენილ სხვადასხვა დოკუმენტში. ვატი _ ასე მოიხსენიებენ ბათუმს 1289 წლით დათარიღებულ იტალიურ სანოტარო აქტში.

1290 წლის 1 აპრილს გენუელთა მიერ ქ. კაფაში შედგენილ საკონტრაქტო დოკუმენტში მოხსენებულია ბათუმი.

1373 წლის აგვისტოში ბათუმს დიდი ამალით სწვევია ტრაპიზონის იმპერატორი _ ალექსი მესამე კომნენოსი. ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობებით, იმპერატორი დიდი საზღვაო ესკორტით ჩამოსულა (2 კატარღა და 40 ნავი) და ბათუმში ექვსი დღე დარჩენილა.

ბათუმში ღუზას უშვებდნენ გენუელ, ვენეციელ, პიზელ სოვდაგართა გემები, შემოჰქონდათ და გაჰქონდათ სხვადასხვა საქონელი, ქალაქში კი მრავლად ცხოვრობდნენ იტალიელი ვაჭრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობასთან საკმაოდ ახლო კონტაქტში იყვნენ.

1472 წლის ზაფხულში გენუელ ვაჭრებთან ერთად ბათუმში ჩამოსულა ვენეციელი დიპლომატი და მოგზაური _ იოსიფატ ბარბარო. იგი ქალაქს უწოდებს `ვათის~ და წერს, რომ ქალაქი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ცენტრია. ბარბაროს გენუელ ვაჭართან, ანცოლინე სკვარჩიაფიკოსთან, უსეირნია ქალაქში და იტალიურად გასაუბრებია ადგილობრივ მცხოვრებთ.

ვენეციელი დიპლომატის ცნობებით, `აქ მოვაჭრე გენუელები~ კარგად იცნობდნენ ბათუმის მცხოვრებთ და თავს შინაურულად გრძნობდნენ. თანხლებ ვაჭართან ერთად ბარბაროს დაულევია გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ღირდა `მხოლოდ რამდენიმე ასპრი~.

ბარბაროს  ცნობით, მიმოქცევაში ყოფილა ვერცხლის ფული _ ქართული თეთრი.

ევროპულ საზღვაო რუკებზე ბათუმი გამოსახულია ციხე-ქალაქის აღმნიშვნელი კარტოგრაფიული ნიშნით. იტალიელი კარტოგრაფის _ ჯ. გასტოლდის რუკაზე ბათუმთან ახლოს გამოსახული იალქნიანი გემი იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმი მნიშვნელოვან სანავსადგურო ქალაქს წარმოადგენდა.

1426 წელს ბათუმში ყოფილა გერმანელი მოგზაური _ ჰანს შილტბერგერი, რომელიც თავის ჩანაწერებში წერს, რომ იყო მეგრილის (სამეგრელოს) მთავარ ქალაქ ვათანში (ბათუმი), რომელიც ზღვასთან მდებარეობს.

1614 წელს კი  ბათუმში ჩამოვიდა ფრანგი მისიონერი იეზუისტთა ორდერიდან, ლუი გრანჟე. იგი წერს, რომ აქაურ მოსახლეობას ქრისტიანული რწმენის გამო ავიწროებდნენ და ასევე აღნიშნავს: `ბათუმი საქართველოს ნავსადგურია~, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბათუმი ოსმალებს უხდიდა ხარკს, მაგრამ ამავე დროს კავშირი ჰქონდა საქართველოს სხვა რეგიონებთან და გარკვეულ დამოუკიდებლობასაც ინარჩუნებდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s