ერთი ვედრო წყლის ფასი – ბათუმის აბანოები მე-20 საუკუნის დასაწყისში

“ბათუმის აბანოები საკმაოდ განიერი შენობებია. შესასვლელი წარმოადგენს ვრცელ დარბაზს, რომლის იატაკი მარმარილოთია დაგებული. კედლების ირგვლივ არის ლამაზი სვეტებით შემდგარი გალერეები. შუაში _ აუცილებლად შადრევანია”, _ წერს ალექსანდრე ფრენკელი, სამხედრო კორესპონდენტი, მე-19 საუკუნის 70_იანი წლების ბათუმის აბანოებზე.

აბანოებს ძველ ბათუმში არა მარტო ჰიგიენური მოთხოვნილებების, არამედ დასვენების ფუნქციაც ჰქონდათ. ქალაქის მოსახლეობას საკუთარი აბანოები არ გააჩნდა და აქაური მცხოვრებლები, ძირითადად, საზოგადოებრივი აბანოებით სარგებლობდნენ.

ბათუმის აბანოებს მოიხსენიებს რუსეთის პირველი ვიცე-კონსული _ პეტრე ჯუდიჩიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბათუმში სამი აბანო იყო.

როგორი იყო აბანოები ბათუმში, სად მდებარეობდა, რა ფასად შეიძლებოდა აბანოში ნებივრობა და ვინ იყვნენ მათი მფლობელები? ამის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, თემურ კომახიძე წიგნში _ `ქალაქ ბათუმის დაგეგმარებისა და განაშენიანების ისტორია~. მისი ცნობებით მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმში რამდენიმე აბანო იყო და მათი რამდენიმე მფლობელის ვინაობაც ცნობილია.

ე.წ. `ევროპული აბანო~ ხუსეინ ბეჟანიძეს უკუთვნოდა. აბანო ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობდა და ერთი ნომრის საფასური 80 კაპიკიდან ერთ მანეთამდე იყო. ამ ფასად შეიძლებოდა ბანაობა `ზღვის აბანოშიც~, რომელიც კერძო მფლობელ ბოიაჯიანს ეკუთვნოდა და ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ყოფილი გორკის, თანამედროვე გორგილაძის ქუჩაზე მდებარეობდა მუნდოევის `ადჟის აბანო~, რომელსაც სულ ექვსი ნომერი ჰქონდა და მომსახურების ფასი 50 კაპიკიდან ერთ მანეთამდე იყო. ყველაზე ძვირი `კონსტანტინეპოლის~ ნომრებში ნებივრობა ღირდა. ამ აბანოში კეთილმოწყობილი ნომრის ღირებულება მანეთსა და 20 კაპიკს აღწევდა. სხვა აბანოებთან შედარებით უფრო დაბალი იყო ფასები `პეტერბურგში~.

ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად აბანოების რაოდენობაც იზრდებოდა. 1910 წლისთვის ბათუმში კიდევ რამდენიმე აბანო გამოჩნდა, მათ შორის, `ვენეცია~, რომელიც ყოფილი თათრის, ამჟამინდელ ხულოს ქუჩაზე, #14-ში  მდებარეობდა. იმავე ქუჩის #8-ში  კიდევ ერთი აბანო იყო _ `ფანტაზია~, აქ ბანაობის ფასი 60 კაპიკიდან 1,50 მანეთამდე მერყეობდა. `ფანტაზიას~ საერთო ნომერიც ჰქონდა, სადაც ბანაობა ღარიბებს 20 კაპიკად შეეძლოთ.

გარდა ამისა, ქალაქში იყო პატარა, ორ-სამნომრიანი აბანოებიც.

1909 წელს ქალაქის მმართველობაში აბანოების მფლობელებმა ასეთი განცხადება შეიტანეს: `არ უნდა მტკიცება, რომ აბანოები ემსახურებიან ქალაქში მოსახლეობის სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რაც უფრო იაფი უჯდება მოსახლეობას აბანოთი სარგებლობა, მით უფრო იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და, შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაც მტკიცდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საჭიროა აბანოებისთვის წყლის სარგებლიანობის ტაქსა შემცირდეს. ახალი წყალსადენის გამოყენებამდე ჩვენ ერთ ვედრო წყალში ვიხდიდით კაპიკის ერთ მეათედს, ამჟამად კი ვიხდით გაცილებით მეტს,  _ ერთ მეექვსედს, რამაც აბანოს ხარჯთაღრიცხვა გაზარდა ორჯერ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ წყლის გადასახადი დაგვიტოვოთ ძველი ნიხრით~.

ამ განცხადების შეტანიდან მოკლე დროში ქალაქის მმართველობაში ქალაქის სანიტარული ექიმის წერილიც შევიდა: `ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა დიდი როლი ეკისრება აბანოებს სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამიტომაც შემოვდივართ თხოვნით, საკითხი განხილულ იქნას ქალაქის სათათბიროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა აბანო შეწყვეტს ფუნქციონირებას~.

აბანოთა მფლობელებისა და ქალაქის სანიტარული ექიმის განცხადებას ქალაქის მმართველობის მხრიდან რეაგირება მალე არ მოჰყოლია. ჩინოვნიკები განცხადებას რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდნენ. 1910 წლის 30 აპრილს კი გამოვიდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქალაქის აბანოებს ვედრო წყალზე გადასახადი, მათი მოთხოვნის თანახმად, შეუმცირეს, ერთი ვედრო წყლისათვის ქალაქის აბანოების მფლობელები ისევ კაპიკის მეათედს გადაიხდიდნენ.

უცნობია, რას მოიმოქმედებდნენ ბათუმის აბანოების მფლობელები იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქის სათათბირო განცხადებას არ დააკმაყოფილებდა, მაგრამ მათმა ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო, წყლის საფასური ძველ ნიხრს დაუბრუნდა და არც ბათუმის მოსახლეობის ჰიგიენურ მოთხოვნილებას შექმნია საფრთხე.

 

ნანა კვაჭაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s