ზღვისპირა სოფლიდან – ქალაქამდე

ზღვისპირას მდებარე დასახლება, საიდანაც გარკვევით ჩანს კავკასიონის მწვერვალები, ხოლო ზღვას აქ განუზომელი სიღრმე გააჩნია _ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში, ბერძენი ფილოსოფოსის _ არისტოტელეს მიერ აღწერილი ეს ადგილი შესაძლოა ქალაქი ბათუმი იყოს.

ბათუს (ძვ. ბერძნულად ღრმა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიტყვა `ბათომი” ქართული წარმოშობისაა. `ბათ~ _ უკავშირდება სვანურ სიტყვას _ `ბაჩ~, რაც ქვას, ქვიანს ნიშნავს. `ბათუსი~ ამ სიტყვის ელინიზებული ფორმაა) _ ასე უწოდებდნენ ოდესღაც მდინარე ყოროლისწყლის შესართავს, რომლის სიღრმე ზღვასთან შეერთების ადგილას ბრტყელძირიანი გემებისთვის მშვენიერი ბუნებრივი ნავსადგური იყო. სწორედ აქ ყოფილა გაშენებული საქალაქო დასახლება, რომელმაც თანდათან მდებარეობა შეიცვალა და ქალაქ ბათუმად იქცა.

`ბათომი, მცირე ქალაქი და ციხე კარგი~, _ ასე მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი მე-18 საუკუნის ბათუმს.

დასახლება ზღვის ყურესთან

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბათუმმა სამხრეთით, ზღვისპირა ყურეს მიმართულებით დაიწყო გადანაცვლება. მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან მდებარე ნავსაყუდელი პატარა გემებისთვის კი იყო საკმარისი, მაგრამ არა _ დიდი საზღვაო ხომალდებისთვის. სულ ახლოს, სამხრეთით კი, ბუნებრივი ნავსაყუდელი მდებარეობდა და მდებარეობის შეცვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო.

ბათუმის, როგორც ქალაქის ისტორია მე-19 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. მაშინ ბათუმი ან ბათომი, როგორც მას ხშირად უწოდებდნენ, პატარა, სოფლის მსგავსი დასახლება იყო ზღვის ყურეს ახლოს. თანამედროვე ქალაქის დანარჩენი ნაწილი კი ჭაობებითა და გაუვალი ტყით იყო დაფარული.

ზღვისპირა სოფელი ფრანგი მოგზაურის ჩანაწერებში

1807 წელს ბათუმში ჩამოსული ფრანგი მოგზაური _ ადრიან დიუპრე წერს, რომ ბათუმი მოზრდილი ზღვისპირა სოფელია ორი ათასამდე მცხოვრებით, რომელთა უმეტესობას ქართველები და აგრეთვე სომხებიც შეადგენენ. `აქა-იქ მიმოფანტული სახლებით იგი უფრო ვრცელ სოფელს წააგავს, ვიდრე ქალაქს. ბათუმი გაშენებულია ზღვის სანაპიროზე. აქვს ერთადერთი ღია რეიდი აღმოსავლეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. რეიდი ღრმაა და ხომალდებისთვის ისეთივე უსაფრთხოა, როგორც საუკეთესო ნავსადგურები…

ბაზრის შესასვლელთან მხოლოდ ერთი, თხრილით შემოვლებული, უქვემეხო ქვის საძირკვლიანი და ხით ნაშენი კოშკი დგას. ბაზარში ორმოცდაათიოდე უხეირო დუქანია, სადაც იაფფასიანი საქონლით ვაჭრობენ. აქ შემოსული პატარა და დიდი ზომის ხომალდებს ძირითადად რკინა, მარილი, საპონი და ქსოვილი შემოაქვთ…~

_ წერს ფრანგი მოგზაური.

დიუპრეს ჩანაწერების მიხედვით, ქალაქი მდინარე ბათისიდან, (დღევანდელი ყოროლისწყლის შესართავი) ერთი კილომეტრით ყოფილა დაშორებული. ქალაქს კომენდანტი მართავდა, რომელიც ახალციხის ფაშას ემორჩილებოდა. დიუპრეს ცნობით, ქვის კოშკით დაცული კომენდანტის სახლი დღევანდელი ბათუმ-გორას ტერიტორიაზე იდგა.

პატარა, ქალაქის მსგავსი დასახლების მცხოვრებნი თავს ვაჭრობითა და სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ. მოჰყავდათ ხილი, მარცვლეული, ჭაობების წყალობით აქ განსაკუთრებით უხვი იყო ბრინჯის მოსავალი.

ბაზრობები ბათუმში.

გამხმარი საზანი 2-3 ფარად

1807 წელს ოსმალეთის ხელისუფლებამ ახალი დასახლების ათვისების მიზნით, თურქ  და ბერძენ ემიგრანტებს ნება დართო, არენდით აეღოთ მიწის ნაკვეთები ქალაქის ტერიტორიაზე.

1826 წელს გამოცემული სულთანის ფირმანის მიხედვით, ბათუმის შემოსავალი ორასი ათასი პიასტი ყოფილა.

თბილისში საფრანგეთის კონსული ჟ.ფ. გამბა, თავის წერილებში _ `მოგზაურობა ამიერკავკასიაში~, 20-იანი წლების ბათუმზე წერს: `თურქები ფლობენ ბათუმს. იგი მოხერხებული ნავსადგურია, სადაც 300 ტონა წყალწვის ხომალდები დაცულია ყოველგვარი ქარისაგან. ბათუმში ვაჭრობენ გამხმარი თევზითა და ხიზილალით, ერთი გამხმარი საზანის ფასი 2-3 ფარაა (ერთი ფარა უდრიდა რუსული კაპიკის ¼)…~

ქალაქში ყველაზე ხალხმრავალი ადგილი ბათუმის ბაზარი იყო, სადაც დუქნებში სადილობა შეიძლებოდა, ყავახანებში ხალხი ირეოდა, თონეში კი ლავაშები ცხვებოდა.

1836 წელს ბათუმში ცნობილი გერმანელი მეცნიერი და მოგზაური _ კარლ კოხი ჩამოვიდა. გაზაფხული იყო, მაისის თვე. კოხი წერს, რომ ქალაქში `სიცოცხლე ჩქეფდა და ჭრელი ხალხი ირეოდა~. მისი ცნობების თანახმად, ბაზრობებზე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ქართველი მოსახლეობა ვაჭრობდა: `ისინი ერთი წარმოშობის იყვნენ და ერთ დიდ ხალხს, ქართველებს ეკუთვნოდნენ~.

ბათუმში გამართულ დიდ ბაზრობებზე ხალხი აჭარისა და ნიგალის ხეობიდან და ლაზისტანიდან ჩამოდიოდა. მოსახლეობას ბაზრობებზე სხვადასხვა ნაწარმი ჩამოჰქონდა, ჩამოჰყავდათ საქონელიც. გერმანელი მოგზაური წერს, რომ

ვაჭრობაში უფრო მოხერხებულები ლაზისტანისა და ნიგალის ხეობის ქართველობა იყო: `ისინი თურქეთის სხვა მოსახლეობასთან შედარებით შეძლებულნი არიან და ვაჭრობის საქმე კარგად აქვთ დაყენებული~.

კარლ კოხი ადგილობრივ მცხოვრებლებს ახასიათებს, როგორც გაბედულ ხალხს: `აჭარლები საყოველთაოდ არიან ცნობილი სიმამაცითა და სილამაზით. მართალია, ისინი თურქეთის სულთანის ბატონობას სცნობენ, მაგრამ გადასახდელი ხარკის ოდენობას მუდამ თვითონ განსაზღვრავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ თურქები ამ ხარკს არ დასჯერდებოდნენ და მეტს მოითხოვდნენ, აჭარლები მიახვედრებდნენ ხოლმე თურქეთის ელჩებს, ხარკის წასაღებად თვითონ მთავარი მოვიდესო…~

მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანი იყო, თუმცა გერმანელი მოგზაური აღნიშნავს, რომ მოსახლეობა მუსულმანობას უფრო ფორმალურად აღიარებდა, მათ მეტად ჰყვარებიათ ღვინო და `თუ ახლოს მოლა არ ეგულებოდათ, სიამოვნებით შეექცეოდნენ სასმელს~.

ზაფხულობით ხალხი ციებას მთებში გაურბოდა

1842 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიის ოფიცერი _ პროსკურიაკოვი ბათუმში იმყოფებოდა. იგი წერს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობდა ქონგურებიანი გალავანი და დანგრეული ძველი ეკლესია. ბათუმის ისტორიის მკვლევარები დღეს ვარაუდობენ, რომ ეს ეკლესია მდინარე ბარცხანის მარცხენა სანაპიროზე იყო.

პროსკურიაკოვის აღწერით, ყურეს დასავლეთ ნაწილში ყოფილა ბაზარი რამდენიმე დუქნით, ბათუმის სანჯაყ-ბეგისა და ინგლისის აგენტის სახლები და მეჩეთი, სავარაუდოდ, ახმედ ფაშას ჯამე, რომლის ადგილას დღეს ორთა ჯამე დგას. გადმოცემის თანახმად, მეჩეთი თავის დროზე ახმედ ფაშა ხიმშიაშვილის მიერაა აგებული, რომელიც 1818 წელს აჭარის მმართველი გახდა, მოგვიანებით კი ახალციხისა და ყარსის ფაშაც.

რუსი ოფიცრის ცნობების თანახმად, ამ პერიოდის ბათუმში 300-ზე მეტი სახლი და ორი ათასამდე მცხოვრები იყო. იგი წერს: `ქალაქის მცხოვრებნი დღემდე ქართულად ლაპარაკობენ~, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები შეადგენდნენ. პროსკურიაკოვის ცნობების მიხედვით, გამაჰმადიანების მიუხედავად, ქალაქის ქართველი მოსახლეობა უფრთხილდება და კითხულობს საეკლესიო წიგნებს, ზოგიერთს სახლში ხატიც აქვს, როგორც ქრისტიანული წარმომავლობის სახსოვარი…

ქალაქის შემოგარენი ჭაობითა და ჯაგნარით იყო დაფარული. `ჰავა ქალაქში თითქმის მთელი წლის მანძილზე მეტად მავნეა, ხოლო ზაფხულში მომაკვდინებელი ციება მძვინვარებს მთელი თავისი ულმობელობით. ამის გამო ზაფხულობით ქალაქის მცხოვრებლები ტოვებენ ქალაქს და მთებში მიდიან~.

ოსმალური წესები და ნახევრად დაცლილი ქალაქი

მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან ქალაქის განაშენიანება შეფერხდა. მიზეზი  ოსმალების მიერ აჭარაში შემოღებული `თანზიმათი~ იყო, რაც ქართული წეს-ჩვეულებების მოსპობას და მის ნაცვლად ოსმალური წესების დამკვიდრებას მოასწავებდა. ქალაქის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ბათუმი დატოვა და შედარებით უსაფრთხო ადგილებში იწყო გადასახლება. ამის შედეგად, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, ქალაქი, სადაც 2000 ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის განახევრდა. დაიწყო ბათუმის კოლონიზაცია. ქალაქში ოსმალეთიდან ჩამოსული არაქართული მოსახლეობა გამოჩნდა, ძირითადად, ბერძნები და თურქები, მოგვიანებით _ მუჰაჯირი აფხაზები და ჩერქეზები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s