ორმაგი აგენტი იულია

ნოემბერი იდგა ბათუმში. ალბათ, წვიმიანი ალიონი. რკინიგზის სადგურში, იმ ადგილას, სადაც ახლა `თი ბი სი~ ბანკია, მესამე კლასის დარბაზში 26 წლის, ლამაზი ქალიშვილი, სავარაუდოდ, სიგარეტს ეწეოდა, ალბათ ნერვიულად, თან პატარა ბოღჩა, უფრო კი ხელჩანთა ექნებოდა როდესაც _ ეს უკვე ნამდვილად _ ჟანდარმერიის  უნტერ ოფიცერი _ სავენკო, მიუახლოვდა და… აქ უკვე ფანტაზიას არ მივმართავთ, ფაქტს ვიტყვით, _ ქალიშვილმა, იულია ეგოროვამ, არც მეტი და არც ნაკლები, ძმარმჟავა შეასხა სახეში; ასე წერენ მოხსენებაში: ერთი ქილა ძმრის ესენცია გაუქანა სახეშიო.

დააპატიმრეს, რასაკვირველია. მაგრამ ბიჭი ხარ და არ დაგაინტერესოს თუ რატომ? ტყუილად ხომ არ გაუვარვარებდა ახალგაზრდა გოგო სახეს ჟანდარმს, სასწრაფოდ რომ გააქანეს საავადმყოფოში, თუმცა მეორე დღეს უვნებელი რომ გამოწერეს იქიდან? ჩავსდიეთ არქივში ი-1 ის N# 528 საქმეს ბოლომდე, თითქოსდა გაგვიცრუვდა თავბრუდამხვევი სიუჟეტის მომლოდინე იმედები, მაგრამ იმდენად კარგი იყო დასაწყისი, კვლავ მტვერმისაფარებლად ვეღარ გავიმეტეთ.

მოკლედ, გაჩხრიკა ტუსაღი რკინიგზის სამმართველოს კორპუსის პოლკოვნიკმა, დემინმა და შეადგინა ოქმი. და გაჩაღდა მიმოწერა ჟანდარმერიის სამმართველოებს შირის, ლამისაა მთელი მაშინდელი იმპერიის მასშტაბით.

ოქმი იტყობინება, რომ იულიას აღმოაჩნდა:

1. თბილისის საგუბერნიო ციხის კვიტანცია 60 კაპიკის მიღებაზე;

2. ქაღალდის ნაფლეთი მისამართით `ново-чертовская улица ЧУМВУРИДЗЕ~;

3. ასევე ნაფლეთი მისამართით: ძველი-თფილისის ქუჩა. ჭუმბურიძე;

4. ასევე ნაფლეთი წარწერით `გეგუთის ქუჩა, ილია ოტიას ძე მასხარაშვილი~;

5. ასევე, ბაღის ქუჩის მეორე შესახვევი, პელაგია ლორია. საკუთარი სახლი;

6. ასევე მარგანეცის მწარმოებელი ზდანოვიჩი;

7. ახალქალაქი მენდელეევის ქუჩა აშკიროვი;

8. მეჩეთის ქუჩა, გალადინის სახლი-გოლდენბერგი;

9. ასევე ოლდემბურგის ქუჩა რადზევიჩი, ფოსტის გვერდით;

10. ასევე პატარა ბაზრის ქუჩა, გავრილოვის სახლი, ბინა # 9;

11. ასევე ექიმი კაკიშელაშვილი, პუშკინის ქუჩა, ვიტუშინსკის აფთიაქთან, ხოლო მეორე მხარეს _ გაზეთ `კოლხიდას~ რედაქცია. ელექტრო-თეატრ `თამარის~ წინ, ბალახვანის ქუჩა, სილოვან თომას ძე ხუნდაძე~.

ეს, როგორც შემდეგ ირკვევა, ქუთაისზეა საუბარი, როგორც ვიცით, ასეთი თეატრი და გაზეთი ბათუმში არ ყოფილა. თორემ უცებ ჟრუანტელმა დაგვიარა _ ესაა და ახალი თეატრის არსებობას მივაკვლიეთ ბათუმში-თქო:

`12. ქაღალდის ნაფლეთი, რომელიც ორადაა გაყოფილი, რომლის  ერთ მხარეს არის შავად ნაწერი თხოვნა ბაქოს საოლქო პროკურორის სახელზე, სადაც ის უნტერ ოფიცერს _ გავრილ ლევიცკის ადანაშაულებს უღირს საქციელში მატარებლით მგზავრობისას, მეორე მხარეს არის სია; უნტ. ოფ შლახოვი. უფრ. უნტ. ოფ ლევიცკი. უმც. უნტ. ოფ აქვსენტი ტირბა, მოწმე ტარახჩევი, ახალციხე. ლაზარე აბრაშევი, მცხოვრები ტიფლისში და ნიკოლოზ მარკოვი.

13. სამი ღია წერილის ნაგლეჯი; ამათგან ორი _ იულიასადმი მიმართული.

14. ერთი ღია წერილი ციხიდან იულია ეგოროვასადმი გამოგზავნილი.

15. სამი გახეული საფოსტო კონვერტი, ორი იულიას, ერთი _ ქუთაისის `პოლონური სამზარეულოს~ სახელზე.

16. წერილი, ქაღალდის მეოთ¬ხედზე, ასეთი შინაარსის:

`სახელოვანო, ძვირფასო ამხანაგო იულია, გილოცავ გათავისუფლებას. საშინლად მიხარია. წუხელ, როცა თქვენ ტიროდით, მე, ჩემს თანასენაკელ ანიუტასთან ერთად კინაღამ ავტირდი და ვწყევლიდით ბებერ კუდიანს. დღეს კი გავიგე, რომ ისევ და ისევ გსჯიან და უსამართლობამ აღგვაშფოთა.

ღმერთო ჩემო, როგორ დაგვცინიან! როდის მოეღება ამას ბოლო! თქვენ რომ იცოდეთ, ეს ორი წელი როგორ დამისნეულდა სული, ასე მგონია, მასში ერთი ჯანსაღი ადგილიც კი არ დარჩა, ერთიანად განაწამებია, ნერვები საბოლოოდ დამეფლითა; ესაა, ტირილი არ შემიძლია, ასეთი ხასიათის ვარ. მადლობა ამხანაგს ნუგეშისთვის.

ო, როდის გამოვაღწევ ამ ჯოჯოხეთიდან! მე ხომ, იულიჩკა, გარეთ დამრჩა ყველაზე ძვირფასი და წმინდა. დამრჩა უსაყვარლესი ადამიანი (ის-ის იყო ჯვრისწერას ვაპირებდით, როდესაც მოულოდნელად დამაპატიმრეს). ის პეტერბურგში პოლიტექნიკურ კურსებზე სწავლობს, ახლა იანვრამდე სახლშია. ჩემი სამშობლოა ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. თუ მოახერხოთ, მას გადაუგზავნეთ ჩემი წერილი, მადლიერი დაგრჩებით. ახლა კი აიღეთ თქვენი კორსეტი და სარჩულზე ფანქრით დაწერეთ მისამართი. ვორონეჟის გუბერნია, ქალაქი ბირიუჩი. ვსევოლოდ ემანუელის ძე ორლოვი.

თუ გახვალთ ციხიდან, გაუგზავნეთ მას ჩემი წერილი. ხოლო როგორ უნდა გაიტანოთ, ამას ახლა გასწავლით: კორსეტიდან ამოაგდეთ ჩხირი. მე დავწერ წერილს, დავახვევ წვრილად და ხვალ დილით კარის ქვეშ შემოგიცურებ. თქვენ აკურატულად ჩადეთ ის ჩხირის ადგილას და ისევ ამოკერეთ კორსეტი. ნემსსა და ძაფს მე მოგცემთ. სხვანაირად არ შეიძლება. ასე ადრეც ხშირად გამიგზავნია. მოკითხვა და მადლობა ანიუტასაგან. ის აქაურია, ჰყავს შვილები და ქმარი _ რეიხმანი. ის გთხოვთ, თუ დარჩებით სევასტოპოლში, შეუაროთ მის ქმარს, მისი ნუ შეგეშინდებათ და მოუყვეთ იმას ციხის წესები, თორემ ახლახან გამოვიდა დამსმენი ლენსკი, ნახა მისი ქმარი და დააბრეხვა თითქოს ჩვენ ღამღამობით გვეძახიან კანტორაში სასიყვარულო ინტრიგებისთვის, ქმარმა კი დაიჯერა. მე კი განზრახ მაშავებს.

თუ თქვენ დღეს გამოგიშვებენ და მე ვერ მოვასწრებ წერილის დაწერას, გთხოვ, ნახო ჩემი საქმრო და სიტყვიერად გადასცე, რომ მამაჩემს უთხრას, გამოაგზავნოს თხოვნის ასლი, იცის რომელი, და რომ ციხის უფროსს მოსთხოვოს თხოვნას დაურთოს ციხეში ჩემი ყოფაქცევის დახასიათება. თუ თანახმა ხართ, ოთხჯერ დააკაკუნეთ კედელზე. მადლობა თქვენ. როგორ მინდა მალე აღმოვჩნდე სახლში, ჯერ კი მაგრად გართმევთ ხელს, ძვირფასო იულია~.

ჰოო, ალბათ სენტიმენტალურია ეს წერილი, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის თანაგრძნობა, თუ არა დაინტერესება მაინც არ გამოიწვიოს. რა კარგად იხატება ამ წერილით მთელი ის ეპოქა: თავი ყველაფერს რომ დავანებოთ, ეს ოქმი ძველი ბათუმის საოცრად ცოცხალ სურათებს ხატავს.

ახლა კი ბათუმის ციხეში მყოფ იულიას მივუბრუნდეთ, როგორც ვნახეთ, ციხე და სატუსაღო ახალი არ ყოფილა მისთვის. მაგრამ ჟანდარმერიას უფრო ზუსტი მონაცემები აინტერესებს. ბარემ ჩვენც მოვუსმინოთ:

`ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწე ბათუმის ოლქში.

გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რათა მაცნობონ, იჯდა თუ არა სიმფეროპოლის ციხეში იულია ეგოროვა; თუკი იჯდა _ რა საქმისთვის, როდის იმყოფებოდა და რითი დასრულდა საქმე, გაასახლეს თუ არა ქალაქ ქუთაისში, რა მონაცემები გაქვთ მასზე.

1911 წლის 15 ნოემბერი~.

პასუხი:

`ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს

უფროსის თანაშემწეს ბათუმის ოლქში

1910 წელს ქალაქ სევასტოპოლიდან გასახლებული კოლეჟის რეგისტრატორის ქალიშვილი, იულია ეგოროვა, წლის დასაწყისში შედგა საიდუმლო აგენტ-დამსმენად სოციალ-რევოლუციონერების პარტიაში. სამმართველოში ჩემი მუშაობის პერიოდში, მხილებულ იქნა იმაში, რომ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირებზე გასცემდა სამმართველოს ფილერებს (მაძებრებს). ამიტომაც მას შესთავაზეს გამგზავრებულიყო სიმფეროპოლიდან 21 აპრილს. ის გზიდან გამობრუნდა სიმფეროპოლში და ჩემს თანაშემწეს, როტმისტრ ლეუსუს, რომელსაც ის თვლიდა დამნაშავედ მის გასახლებაში, შურისძიების მიზნით ქვებით დაუმსხვრია ბინის ფანჯრები. ამის შემდეგ ეგოროვა დაპატიმრებულ იქნა 24 აპრილს და გასახლებულ იქნა  თავრიზის გუბერნიიდან. მას მიეცა უფლება დედაქალაქის გარდა აერჩია ადგილი ორი წლით და ის გაემგზავრა ქალაქ ქუთაისში და მასზე დაწესდა თვალთვალი.

თავრიზის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი

პოდპოლკოვნიკი.

1912 წლის 23 ნოემბერი~.

აი, ჩვენი მომხიბვლელი, 26 წლის იულია, ასეთ გულისამაჩუყებელ წერილებს რომ იღებს ციხიდან და რომლის გათავისუფლებას ოცნებობენ ციხის მეგობრები; წარმოვიდგინოთ გაშმაგებული გოგო ქვებით რომ უმსხვრევს ფანჯრებს ჟანდარმს და ადანაშაულებს, _ რა კარგი აგენტი ვიყავი და ეს რა ცილი დამწამეო?! ნეტა, რევოლუციონერებთან მართლა ასმენდა მეთვალყურეებს თუ უბრალოდ, როტმისტრ ლეუსუს შურსა და ინტრიგებს გადაჰყვა მისი კარიერა?

აღსანიშნავია გუბერნიის ჟანდარმერიის პოლკოვნიკის მიერ იულიას საქციელის საოცარი ახსნა; ციხეში უნდოდა ჩაჯდომა, უფასო საჭმელ-სასმელი რომ ჰქონოდაო. რაღაც ახალია მგონი პოლიციის ისტორიაშიც კი. კიდევ ერთხელ მოვიშველიებ დოკუმენტს ახალი გაგრძელებით:

`ამა წლის 14 ნოემბერს, ბათუმში, დილის 8 საათზე, III კლასის დარბაზში იდგა ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერი _ სავენკო. მასთან მივიდა ვიღაც უცნობი ქალი და სახეში შეასხა სითხე, როგორც შემდეგ გაირკვა, ძმრის ესენცია. საავადმყოფოში წაყვანილი სავენკო მეორე დღეს გამოეწერა. ქალი კი _ დააკავეს. მან უარი განაცხადა თავისი საქციელის ახსნაზე….

აღმოჩნდა, რომ ეს იყო მეორე შემთხვევა, მან პეტერბურგში ვინმე იაკოვლევს ასევე შეასხურა სითხე. რათა მისთვის მიექციათ ყურადღება, უფრო სწორედ, სახელმწიფო ხარჯზე, უბრალოდ, ციხეში დასჯდომად მოიგონა გულყრა, თავაზობდა თავის სამსახურს ჟანდარმერიას და ზიანს აყენებდა ამით დაწესებულებას.

14 ნოემბერი 1911~

მოკლედ, აგენტი ქალის სახე ფოლიანტებიდან ნელ-ნელა იკვეთება. მისი ბიოგრაფიის შესავსებად კი გასახლების დღიდან ასეთი გზა იხატება; ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს 22 ნოემბრის წერილიდან, რომელიც მან თავის თანაშემწეს გაუგზავნა ბათუმში, ირკვევა, რომ იულია სიმფეროპოლიდან ვერც ბაქოში ვერ წავიდოდა, რადგან 1907 წელს იქიდანაც ყოფილა გამოძევებული, მაგრამ მაინც ჩასულა 24 ივნისს, საიდანაც ისევ გაუძევებიათ და 24 ივლისს ჩამოსულა ქუთაისში, სადაც მას ორო დღე უმუშავია ძმები ტყეშელაშვილების საკონდიტროში, შემდეგ პოლონურ სასადილოში მოახლედ, სადაც 13 ნოემბრამდე დარჩენილა.

როგორც პოლკოვნიკი წერს, მას ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა დღიური, რომლითაც ირკვევა, რომ ის თავს მიაკუთვნებს ანარქისტების პარტიას. არ ვიცი, მართლა თუ იყო ამ პარტიის წევრი, მაგრამ მის ბიოგრაფიაში მართლაც რომ ანარქიაა, ფაქტია.

13 ნოემბრამდე ქუთაისში ყოფილა და 14-ში, როგორც უკვე ვთქვით, ბათუმშია. ალბათ მუდმივი თვალთვალით გადაღლილმა, ვერშემდგარმა ანარქისტმა და კარიერადამსხვრეულმა აგენტმა გამწარებით გაუქანა ძმარმჟავა ჟანდარმერიის უნტერ ოფიცერს.

მის შემდგომ ბედზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ:

მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის კავკასიის მეფისნაცვალმა თანხმობა მისცა იულია ეგოროვას პატიმრობის ვადის ერთი თვით გაგრძელებას, რის შესახებაც  კანცელარია, გენერალ-ადიუტანტის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის დავალებით აცნობებს მის აღმატებულებას ბათუმის გუბერნატორს.

ვინ იცის, ახლა რამდენი ეგოროვა დადის ბათუმის ქუჩებში, მაგრამ არა მგონია თანამედროვე იულიები ისეთი მიამიტები იყვნენ, რომ ასე აშკარად გაუქანონ ფარული ჟანდარმერიის მუშაკებს ძმარმჟავა სახეში.

ავტორი: ფრიდონ ქარდავა

აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s