ოცნება ბათუმზე – 1878 წლის ბერლინის კონგრესი და მისი შედეგები

ბერლინის კონგრესი. 1978. მხატვარი: ანტონ ვან ვერნერი

მე-19 საუკუნის 70-იანი წლები იდგა. საერთაშორისო ურთიერთობები ევროპასა და აზიაში სულ უფრო მწვავდებოდა. ნათელი იყო, რომ დავა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ომის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ოსმალეთის ზურგს უკან ინგლისი იდგა, რომელსაც თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთი და საფრანგეთი უჭერდნენ მხარს, რუსეთის იმპერიის მხარდამჭერებად კი გერმანია და იტალია მოიაზრებოდნენ.

ასეთ რთულ ვითარებაში ბათუმს ოსმალეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბათუმის დაკარგვის შემთხვევაში ოსმალეთი შავ ზღვაზე ბრძოლის მნიშვნელოვან პლაცდარმს კარგავდა, ხოლო აჭარისა და ბათუმის იმპერიის საზღვრებში შემოყვანა დიდი ხანია რუსეთის ოცნება იყო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსი კაპიტანი სტეპანოვი წერდა: `ოცნება ბათუმის შესახებ ხელახლა წამოიჭრა, როგორც კი გურია შევიდა რუსეთის ქვეშევრდომობაში. ჩვენი სურვილი იყო მისი დაბრუნება, გარდა ამისა ბათუმს ჰქონდა ჩინებული სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც საუკეთესო ყურეს, რადგან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მთელს სიგრძეზე ყველა დანარჩენი ხვეულები სახმელეთო ნაპირებისა, ძალზე უმნიშვნელოა და მოწყობის გარეშე არ შეუძლია თავშესაფარი გაუწიოს დიდ გემებს…~

1877 წლის გაზაფხული. ომი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ქართულ პრესაში იმპერიებს შორის მოსალოდნელ ომსა და მის შედეგებზე უკვე წერენ. ნიკო ნიკოლაძე,გაზეთი `დროება~:

`ჩვენ გვგონია, რომ ეს ომი, რომელიც ჯერ მარტო ორ სახელმწიფოს შუა ატყდება, ნელ-ნელა ჩამოითრევს ბევრს სხვა სახელმწიფოსაც…  ჩვენ ქვეყანას დიდი სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მოელის აღმოსავლეთის ომში~.

ომი 12 აპრილს გამოცხადდა. `დროებამ~ და `ივერიამ~ ვრცელი სტატიები მიუძღვნეს ამ ამბავს. `ივერია~ წერდა, ომი სლავიანთა გასანთავისუფლებლად დაიწყო, `დროება~ კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ერმა სიფრთხილე, სიდინჯე გამოიჩინოს და არ ჩაიდინოს მოუფიქრებელი საქციელი: `დაუიარაღებელს ხალხს უფლება არა აქვს ხელი გაანძრიოს მტრის წინააღმდეგ. ის რჩება შორიდან ან ახლოდან მაყურებელად მოწინააღმდეგეთ ბრძოლისა და სისხლის ღვრისა. ჩვენი ხალხიც ამ საფუძველზე უნდა დადგეს, ამ კანონს უნდა დაემორჩილოს. ამის გადაცდენა ხეირს არ დაგვაყრის. ჩვენი სამხედრო მდგომარეობა ამას მოითხოვს, ამას მოითხოვს აგრეთვე ჩვენის მხრით კეთილგონივრული პოლიტიკური მოსაზრება. რასაც გვთხოვენ, ის მივსცეთ; მომეტებული ერთგულება ხშირად მომეტებულ მტრობაზე უარესია. წინდაუხედავად წაჩრა იქ, საცა ჩვენ საჭირონი არა ვართ, იქ, საცა არ გვთხოვენ, მოუფიქრებლად თავის აღება და კუდაბზიკური გალაშქრება ამისთანა მძიმე საქმეში, რაც ვნებას მოგვიტანს, ხეირს არ დაგვაყრის~.

1877 წლის ივლისიდან 78 წლის იანვრამდე იმპერიებს შორის მხოლოდ დაზვერვა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბრძოლები წარმოებდა. რუსეთის იმპერიის მთავარსარდლობა ბათუმის აღებას 18 იანვარს შეეცადა. შეტევა ღამის სამ საათზე დაიწყო, ორივე მხრიდან ძლიერი ცეცხლი გაიხსნა და მსხვერპლიც დიდი იყო. რუსეთის მხრიდან დაწყებული ეს შეტევა მარცხით დასრულდა, მაგრამ ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა ზავი მოეთხოვა. დაძაბული საგარეო ურთიერთობების გამო ზავი რუსეთსაც აწყობდა და 1978 წლის 19 თებერვალს რუსეთსა და ოსმალეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რომელიც `სან-სტეფანოს ზავის~ სახელითაა ცნობილი.

ბერლინის კონგრესი _ ბათუმის დაბრუნება

ომის შედეგებითა და სან-სტეფანოს ზავით ბევრი სახელმწიფო არ იყო კმაყოფილი, მაგრამ მშვიდობის სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და 1878 წლის ზაფხულში, ევროპული სახელმწიფოების ძალისხმევით, ბერლინის კონგრესი გაიმართა, რომლის შედეგადაც რუსეთსა და ოსმალეთს შორის საბოლოოდ დამყარდა მშვიდობა. რუსეთმა შეიერთა ბათუმის, ყარსის, არტაანისა და ისტორიული სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილი.

ბერლინის კონგრესზე ინგლისმა მხარი დაუჭირა გერმანია-თურქეთის კოალიციას, რათა ბათუმი გამოცხადებულიყო პორტო-ფრანკოდ. განაწყენებული რუსები შეეცადნენ ჩაეშალათ ბერლინის კონგრესი, მაგრამ ბისმარკის მოქნილობით რუსეთი მაინც დაიყოლიეს და ბათუმი `პორტო-ფრანკოდ~, ანუ  თავისუფალ სავაჭრო ზონად  გამოცხადდა.

ომის დასრულებას `დროება~ 11 აგვისტოს ნომერში ასე გამოეხმაურა: `გათავდა ომი. ავად თუ კარგად მშვიდობიანობა დამყარდა. ბერლინის კონგრესმა გაარიგა ევროპის დახლართული საქმეები და იმედი მოგვცა, რომ ამ რამდენისამე წლის განმავლობაში მაინც ომის ნუ გეშინიათო…~ `დროება~ წერს: ომმა ბევრი რამ ასწავლა რუსეთს და იგი უეჭველია დაადგება რეფორმების გზას და ახალ წესებს შემოიღებსო…~

ამ საკითხზე წერს გაზეთი `ივერიაც~ 1879 წლის პირველ ნომერში:

`ბერლინის ხელშეკრულებამ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა და ამ მხრით შარშანდელი წელიწადი ჩვენთვის ფრიად ღირსსახსოვარია: ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლ-ხორცი, ჩვენთან ერთად `მებრძოლი შავი ბედისა~, ჩვენის გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და თუ კარგად მოიქცევიან, ვის ხელთაც აწ ამათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ~.

`ივერიის~ იმავე ნომერში ვკითხულობთ: `აზია და ჩვენ საკუთრივ ვართ საჭირონი არამც თუ ჩვენის თავისთვის მხოლოდ, არამედ სხვისთვისაც. თუმცა ბევრი რამ შეიცვალა ქვეყნიერებაზედ ამ 5_6 წელიწადში, მაგრამ ეს მიწის ყელი, რომელსაც კავკასიას ეძახიან, რომელიც აზიისა და ევროპის კარად ყოფილა წინად და რომლის დაპყრობისათვის ბევრი სხვა და სხვა ხალხის სისხლი დაღვრილა, მაინც ისევ კარგად დარჩა და ხალხთა შორის შუღლისა და ცილების მიზეზად იქნება კიდეც~.

ნანა კვაჭაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s