პირველი ქუჩები და საკონსულოები ხუთიათასიან ქალაქში

1863 წელი. სულთან აბდულ აზიზის ფირმანი: “ტრაპიზონის ვილაეთის ვალიმ, ვეზირმა _ ესედ მეჰმედ ამინ მეხლის ფაშამ, თავის მოსაზრებაში დასვა საკითხი ბათუმის ნავსადგურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ახალი ქალაქის აშენების შესახებ, რომელიც იქნება ლაზისტანის საფაშოს ცენტრი”.

`ახალი ქალაქის~ ასაშენებლად თანამედროვე ბათუმის ტერიტორიაზე 42 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი გამოიყო. ფირმანში წერია, რომ `გეომეტრიის წესების მიხედვით~,  ქუჩები ყველა მიმართულებით უნდა ყოფილიყო, განსაზღვრული იყო ქუჩების სიგანე _ 12 არშინი. ქუჩების მიხედვით კი ტერიტორია უბნებად უნდა დაყოფილიყო. დაინტერესებულ პირებს შეღავათიან ფასად ეძლეოდათ მიწის ნაკვეთები.

ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ქუჩების განივკვეთი დახრილი იყო ქუჩის ღერძის მიმართულებით, სადაც ქუჩის მთელ სიგრძეზე მოწყობილი იყო ღია სანიაღვრე არხი. ეს არხები ერთი საერთო არხის საშუალებით ზღვას უერთდებოდა და ბათუმური კოკისპირული წვიმების დროს, ქუჩაში დაგროვილი წყალი პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა.

ქალაქის გადმონაცვლებასთან დაკავშირებით ბათუმის კონცხის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სანაპიროსთან ახლოს, 1864-1867 წლებში ოსმალებმა ციხე-სიმაგრე ააგეს. `ბურუნ-თაბიე~ _ კონცხის სიმაგრე _ ასე უწოდებდნენ ციხეს, რომელიც ყოფილი ფეხბურთის სტადიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

`ეს ყაზარმის მსგავსი ქვის შენობაა, რომელშიც 16 ზარბაზანია და იტევს ექვს პოლკსა და საომარი ტყვია-წამლის მარაგს~, _ წერს ჟან მურიე, ფრანგი მოგზაური.

მე-18 საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ბათუმში ფუნქციონირებდა იტალიის, რუსეთისა და სპარსეთის საკონსულოები, გაიხსნა პირველი ნაოსნობისა და ვაჭრობის რუსული საზოგადოების სააგენტო, სანკტ-პეტერბურგის სადაზღვევო კომპანიის განყოფილება, სავაჭრო და სანაოსნო საზოგადოებათა სააგენტოები, საბაჟო, საკარანტინო სახლი…

1865 წელს დაიწყო ტელეგრაფის ხაზის მშენებლობა, რომლითაც ბათუმი დაუკავშირდა თბილისს, ტრაპიზონსა და კონსტანტინეპოლს.

1872 წლისათვის ქალაქის მოსახლეობა ხუთი ათასს აღწევდა. დიმიტრი ბაქრაძე წერს, რომ ბათუმში საუბრობდნენ ქართულ, ბერძნულ და თურქულ ენებზე; `აქ ყველაზე გავრცელებულია ქართული ენა, რომელზეც თავისუფლად ლაპარაკობს ბევრი ლაზიც კი~.

ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად, მისდევდა ვაჭრობას, ნაოსნობას, რეწვას. ამზადებდნენ თევზის ქონს, რომელიც ბათუმის პორტიდან სხვადასხვა ქვეყანაში გაჰქონდათ. იტალიის კონსულის, მალმუზის ცნობით, ბათუმში, ჩურუქ-სუსა და ლაზისტანში წელიწადში 12 ათას ოყა თევზის ქონს ამზადებდნენ. აშენებდნენ აბრეშუმის ჭიას, თავად აბრეშუმი კი საკმაოდ ძვირად ფასობდა.

ქალაქი გამოცოცხლდა. ახლომახლო რეგიონებიდან ხალხმა დაიწყო ჩამოსვლა სეზონური სამუშაოს შოვნის იმედით. მათი უმეტესობა ბათუმის ნავსადგურში, გემების დატვირთვა-გადატვირთვაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ნელ-ნელა ვითარდებოდა, ბათუმი თავისი მიმოფანტული შენობებით, ჭუჭყიანი ქუჩებითა და ცხოვრების ხასიათით აზიური ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ქალაქის ცენტრალურ სავაჭრო უბანს ე.წ. `თურქული ბაზარი~ წარმოადგენდა. ახმედიეს უბანში, ორთა ჯამეს სამხრეთით მდებარე ყველაზე ხალხმრავალი ბაზარი მოიცავდა ახლანდელი გოგებაშვილის ქუჩიდან მაზნიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, ჭავჭავაძის ქუჩის ნაწილს და მის მიმდებარე ტერიტორიას პორტის შესახვევის ჩათვლით.

დიმიტრი ბაქრაძის ცნობით, 1873 წლისათვის ბათუმში 800-მდე დუქანი იყო. ვაჭრობას ეწეოდნენ ლაზები, ბერძნები, თურქები, სომხები და ადგილობრივი მცხოვრებლები. ვაჭრობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი საქონლით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s