სარი-სუ – „ყვითელი წყალი“ და უძველესი უბანი

მას შემდეგ, რაც ანტიკურ ეპოქაში არისტოტელემ თავის ნაშრომში _ “მეტეოროლოგია” ბათუმი “ბათეას” სახელწოდებით მოიხსენა, ქალაქი რომაელი მწერლისა და სახელმწიფო მოღვაწის, გაიუს პლინიუს სეკუნდას (24-79 წ.წ.) `ბუნების ისტორიაში~ გამოჩნდა. მწერალი წერს, რომ მდინარე ბათისთან ახლოს ცხოვრობენ კოლხი ტომები და მოიხსენიებს ქალაქ მატიუმს, რაც ქართველი ისტორიკოსების აზრით, გაიგივებულია არისტოტელეს “ბათეასთან”.

თამარის დასახლებაში  მდებარე ბათუმის ან როგორც დღეს მას უწოდებენ, თამარის ციხე, მე-6 საუკუნეშია აგებული. ციხე ბიზანტიურ წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ლოსორიონის _ ლისირისის სახელწოდებით, რაც ციხეს ნიშნავს. არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ 1204 წელს ბათუმში ყოფილა თამარ მეფე და მის პატივსაცემად ქალაქის გვერდით მდებარე ბორცვს, სადაც აღმართული იყო ციხესიმაგრე, თამარის ბორცვი ეწოდა.

ტიპიური ფეოდალური ხანის ქალაქი _ ასეთი იყო შუასაუკუნეების ბათუმი ისტორიკოსების აზრით. ქალაქის მკვიდრნი მისდევდნენ ხელოსნობას, ვაჭრობას, ნაოსნობასა და ნავთკეთებას. სანაპიროს გაყოლებით მოწყობილი იყო ნავსაშენი სახელოსნოები. ყოროლისწყალზე გამართული წისქვილები ამარაგებდნენ ქალაქს ხორბლის ფქვილით, თონეებში ცხვებოდა პური _ აქაური ხაბაზები ცნობილი ყოფილან თავიანთი ხელობით…

შუა საუკუნეებში ბათუმის ციხე ადგილობრივი მნიშვნელობის რიგითი ციხე იყო. ოსმალთა ბატონობის ხანაში აქ თურქეთის გარნიზონი იდგა.

დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით, ოსმალეთის სულთანმა, ახმედ მესამემ 1704 წელს ბათუმში ხასან-ფაშა გამოგზავნა, რომელსაც ქალაქში ორი ციხესიმაგრის აგება დაევალა. ერთი წლის განმავლობაში მოზიდული გრუნტის ხელოვნური მოზვინვის შედეგად ბათუმში ორი ხელოვნური ბორცვი შეიქმნა. ერთ-ერთი იყო ბურუნ-თაბიეს ციხესიმაგრე, ხოლო მეორე აღმართული იყო საზღვაო პორტის მიდამოებში, მდინარე სარი-სუს მიმდებარედ. ამ ბორცვს დიდხანს არ უარსებია, საზღვაო პორტის რეკონსტრუქციის დროს, 1885 წელს, იგი აიღეს.

ორივე ბორცვზე ქვემეხები იყო განლაგებული, რომელთაც ქალაქი მტრის შემოსევებისაგან უნდა დაეცვათ.

სარი-სუ _ `ყვითელი წყალი~, ასე უწოდებდნენ მდინარეს და ყველაზე ძველ უბანს ბათუმში, რომელიც მდინარე ბარცხანის სამხრეთით მდებარეობდა და მოიცავდა წერეთლისა და მაიაკოვსკის ქუჩების გაყოლებით სანაპირო ზოლს, ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოს, რკინიგზის საბარგო სადგურს, საზღვაო სანაოსნოს ტერიტორიას კანდელაკის ქუჩამდე. სარი-სუს გაუვალი ჭაობით დაფარული მიწები ესაზღვრებოდა.

ბათუმის ისტორიის ერთ-ერთი მკვლევარის ცნობებით, პირველი ისტორიული შენობა ბათუმში 1690 წელს აშენებულა. ეს იყო მუფთი _ ჯამეს შენობა, რომლის პირველი სართული არყის ქვისგან, მეორე სართული კი _ ხისგან იყო ნაგები. ის ახლანდელი გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში იდგა, ძველი ცენტრალური უნივერმაღის ადგილას. აღნიშნული ჯამე სიძველისა და შენობის ამორტიზაციის გამო 1820 წელს დანგრეულა.

ბათუმის ისტორიის მკვლევარის, რევაზ უზუნაძის მონაცემებით, 1867_1868 წლებში ბათუმში დაახლოებით 245 სახლი იდგა. ძირითადად ორსართულიანი, ხის სახლები, რომელთაც ერთი მხარე კირით ჰქონდათ შელესილი, სიცივისა და ქარებისგან დასაცავად.

სამხედრო კორესპონდენტი _ ალექსანდრე ფრენკელი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში წერდა:

`შენობები ბათუმში თითქმის ერთნაირადაა აშენებული… სახლები რამდენიმე სართულადაა ნაგები, უმეტესად ორად… ერთ-ერთ ოთახთაგანი არის სახლის უფროსის, დანარჩენ სამში ოჯახის სხვა წევრები თავსდებიან. ხშირად ამ ოთახებს უერთდება ერთი ბნელი სათავსო… ქვედა სართულში არის სამზარეულო და საწყობი სურსათისთვის~.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სტატია მომზადებულია შემდეგ მასალაზე დაყრდნობით:

რევაზ უზუნაძე- ბათუმის ისტორიიდან;  ბათუმის ისტორიის ქრონიკები (საგაზეთო წერილი)

თეიმურაზ კომახიძე  _ ქალაქ ბათუმის დაგეგმარებისა და განაშენიანების ისტორია;  ქალაქ ბათუმის ქუჩების ისტორია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s