„ქართველი ვარ… ჩემს რჯულთან რა ხელი გაქვთ…“

მე-19 საუკუნის შუა წლებიდან ოსმალეთის მხრიდან რეპრესიები აჭარის მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებით გამწვავდა, რასაც ადგილობრივი ქართველები აჯანყებით პასუხობდნენ.

1877-1878 წლების ომმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობა. ომის უშუალო არენას ქობულეთის მიდამოები წარმოადგენდა, სადაც ამ დროის განმავლობაში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი იყო. რეპრესიების მიუხედავად, 150-მა ქობულეთელმა ყურშუმ-აღა ჭყონიას მეთაურობით, დატოვა ქობულეთი, ჩუმად გადავიდა გურიაში და ქართულ მილიციას შეუერთდა.

1879 წელს გაზეთი `დროება~ წერდა, რომ თურქეთის წინააღმდეგ აჯანყებულთაგან 38 ოჯახი ქობულეთიდან გურიაში გადავიდა. ოსმალებმა მათ სახლ-კარი გადაუწვეს, როგორც `სამშობლოს მოღალატეებს~.

ომი შეწყდა, მაგრამ სიმშვიდემ ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მაინც ვერ დაისადგურა. რუსეთის მთავრობამ ბათუმის მხარის მცხოვრებლებს გამოუცხადა: ვისაც არ გსურთ აქ დარჩენა და ოსმალეთში გირჩევნიათ გადასახლება, სამი წლის ვადა გეძლევათ: ვინც ამ ხნის განმავლობაში გადასულხართ, გადასულხართ, მერე კი ნება არ გაქვთო. სამი წლის განმავლობაში მთელი ბათუმის ოლქი ღელავდა. ოსმალეთიდან გადმოდიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ _ რუსეთში არ დარჩეთ, რჯულს გამოგიცვლიან, ოსმალეთში გადმოდით, იქ თავისუფლად და ბედნიერად იცხოვრებთო.

რუსმა გენერალ-ადიუტანტმა სვიატოპოლკ-მირსკიმ, რომელიც ცნობილ იყო, როგორც მუსლიმან ქართველთა მოძულე, აჭარის მოსახლეობის წინააღმდეგ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც 1878 წლის 15 ოქტომბერს ოფიციალურ  მოხსენებად წარუდგინა კავკასიის მეფისნაცვალს. მოხსენებაში სვიატოპოლკ-მირსკი მოითხოვდა აჭარლებისა და ქობულეთელების უმრავლესობა ოსმალეთში გადაესახლებინათ, ხოლო ამ ადგილებში რუსი კოლონისტები დაესახლებინათ.

`დროების~ პუბლიცისტი, სერგი მესხი წერს: `ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ამ ახლად ჩვენს უბეში დაბრუნებულ მოძმეებს. ვიცით მხოლოდ, რომ ყველა ესენი გა-მაჰმადიანებულები არიან, რომ მომეტებულს ნაწილს ამათგანს ძველი საქართველოს ხასიათი და ჩვეულება ჯერაც არ დავიწყნია, ვიცით, რომ ზოგან იმათ თავიანთი სამშობლო _ ქართული ენა ჯერაც არ დაჰკარგვიათ… ამიტომ ჩვენი სამღვთო მოვალეობა არის, რომ კარგად გავიცნოთ ეს ახლად შემოერთებული ჩვენი თანამოძმეები და იმათაც გავაცნოთ ჩვენი თავი… აუცილებლად საჭიროა, რომ ჩვენ არ შევეხოთ ახლად შეძენილ ქართველების სარწმუნოებას… სარწმუნოების განსხვავება არ დააბრკოლებს, არ დაუშლის ჩვენსა და იმათ ერთობას…~

ბათუმსა და მის ოლქში რუსების შემოსვლის შემდეგ ადგილობრივ მცხოვრებთა  შევიწროება დაიწყო. ოსმალებისაგან გადარჩენილი ქართული ენა და წეს-ჩვეულებების დაცვა ახლა უკვე რუსებისაგან იყო საჭირო. ერთმა მაჰმადიანმა ქართველმა ასეთი რამ უამბო ზაქარია ჭიჭინაძეს: `ბათუმის სუდში მკითხეს: ვინა ხარო? უთხარი: ქართველი ვარ. ძალა დამატანეს, რომ თათარი ხარო. მე უთხარი: ქართველი! იმათ, თათარიო! ბოლოს თარჯიმანი მოიყვანეს და იმან მკითხა, მასაც ასე უთხარი. არაო, მაინც მითხრა: შენ თათარი ხარ და რჯულიც თათრული გაქვსო. მე მაინც ჩემი უთხარი: მე ქართველი ვარ და ქართული ზნე-ჩვეულება მაქვს, ჩემ რჯულთან რა ხელი გაქვთ…~

ნანა კვაჭაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s