ბათუმის ნავსადგურიდან ოსმალეთისკენ – მუჰაჯირობის ისტორია პრესაში

`თვის დამლევს ოსმალოს გემმა კიდევ გამოასახლა ბათომის მაზრის 400 სულამდის სხვადასხვა ოკრუგებიდან. როდესაც ეს საბრალო მუხაჯირები, დატიტყნილები, დასველებულები თოვლში, ჯდებოდნენ გემზედ, მაყურებელს ქვის გულიც რომ ქონოდა, აღძრავდა მასში სიბრალულს მათდამი. ეხლაც ჯამეები ავსებულია მუხაჯირებით, მომლოდინე თათრის გემის მოსვლით…~ (გაზეთი `დროება”, 1880 წ.)

ბერლინის კონგრესი შედგა. აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ საქართველოს დაუბრუნდა, ნაომარი სოფლებითა და ტყვიებით დაცხრილული ბათუმით, მაგრამ ომის შემდეგ ხალხის უმეტესობამ ოსმალეთში დაიწყო გახიზვნა. ბერლინის კონგრესის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ბათუმის მცხოვრებლებს განუცხადა: ვისაც აქ ცხოვრება არ გსურთ და ოსმალეთში გირჩევნიათ გადასვლა, სამი წლის განმავლობაში უნდა გადახვიდეთ, მერე აღარ გაგიშვებთო. სამი წელიწადი ღელავდა ბათუმის ოლქი. სხვადასხვა სოფლებიდან ათასობით ადამიანი მოედინებოდა ბათუმში, რომ გემით ოსმალეთში გადასულიყვნენ. აჭარაში მუჰაჯირობა დაიწყო. ტერმინი მუჰაჯირი  (გადახვეწილი, ემიგრანტი) საქართველოში აქტუალური მე-19 საუკუნეში გახდა, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჯერ აფხაზებმა დაიწყეს ოსმალეთში გადასახლება, შემდეგ კი მუჰაჯირობა აჭარაშიც დაიწყო.

ომი ახალი დასრულებული იყო, დიდი შიმშილობა მძვინვარებდა აჭარაში, რადგან მანამდე ხელში ყველას იარაღი ეჭირა და ხვნა-თესვისთვის არავის ეცალა. ამას ოსმალეთიდან გადმოსული აგენტებიც ხელს უწყობდნენ, რომლებიც გადმოდიოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რუსეთში არ დარჩეთ, რჯულს შეგიცვლიან, ოსმალეთში კი თავისუფლად და ბედნიერად იცხოვრებთო.

ძნელი სათქმელია, რამდენად სჯეროდათ ოსმალეთში ბედნიერი ცხოვრების გადასახვეწად გამზადებულ აჭარლებს, მაგრამ წასვლა რომ არ სურდათ, მე-19 საუკუნის ქართული პრესის ერთი თვალის გადავლებითაც კარგად ჩანს. გაზეთი `დროება~, სერგი მესხი:

`საშინელ სურათს წარმოადგენს თურმე ეს ხალხის გადასახლება. მნახველთ უამბიათ და მოუწერიათ ჩვენთვის, რომ ესენი დედამიწას ჰკოცნიან, ხეებს, სახლებს, ყველაფერს სულიერსა და უსულოს, რასაც კი სტოვებენ. ცხარე ცრემლების ღვრით გულდამწვავ ტირილით ეთხოვებიან და ასე მიდიანო. ბევრი, ძალიან ბევრი იხოცება შიმშილისაგან და ვინც კი ადგილამდის მიაღწევს, დიდი სიკეთე არც იმას ეყრებაო. იქაც უკეთესი ბედი არ მოელის, იქაც შიმშილი ხვდება, უპატრონობა… და ამნაირად რამდენიმე თვის განმავლობაში უკან ბრუნდებიანო. მაგრამ ბრუნდება ორში ერთი. დანარჩენი კი გაჭირვებისა და შიმშილის გამო იხოცება~.

წასასვლელად გამზადებული ხალხი ბათუმის ნავსადგურში რამდენიმე დღეს ელოდა გემს. დროება წერს, რომ ნავსადგური სავსეა მოხუცებითა და ავადმყოფებით, ძუძუმწოვარი ბავშვებითა და ღატაკი, მშიერი ხალხით, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ოსმალეთში ეწევიან უკეთეს ბედს.

ერთი შემზარავი ამბავიც მომხდარა. ერთ გემს ბათუმიდან რამდენიმე ასეული ადამიანი წაუყვანია და ოსმალეთში ამ ხალხისთვის არ მიუციათ ნაპირზე გადმოსვლის ნებართვა. კაპიტანმა გემი უკან, ბათუმში დააბრუნა, მაგრამ ახლა ბათუმში არ მისცეს ხალხს ჩამოსვლის ნება. გემზე ავადმყოფობა და საშინელი შიმშილი გაჩნდა. მგზავრების ერთი ნაწილი დაიღუპა.

კაპიტანმა ბოლოს და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება და მუჰაჯირები ნაპირზე ჩამოსვა, მაგრამ ისეთ მიუვალ ნაპირზე, საიდანაც ერთადერთი გზა ზღვისკენ მიდიოდა მხოლოდ და არა ხმელეთისაკენ. ბათუმის მთავრობას რაღაც დროის შემდეგ დაუხსნია ეს ხალხი, მაგრამ მათი უმეტესობა უკვე გარდაცვლილი იყო შიმშილისა და ავადმყოფობისაგან.

რა აიძულებდა ამ ადამიანებს საკუთარი სახლი დაეტოვებინათ? ერთის მხრივ ოსმალები, რომლებიც ხალხს არწმუნებდნენ, რუსეთის იმპერიაში ძალად გაგაქრისტიანებენ, სახლ-კარს წაგართმევენ, ციმბირში გადაგასახლებენო და მეორეს მხრივ მთავრობის გულგრილობა, სიღარიბე და შიმშილი, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო იმხანად აჭარაში.

ოსმალეთიდან კი დიდი აგიტაცია-პროპაგანდა მოდიოდა. სტამბულში სპეციალური ბროშურები და პროკლამაციები იბეჭდებოდა ბათუმსა და მთელს აჭარაში გასავრცელებლად. ბროშურებში ეწერა, რომ თუ მაჰმადიანები რუსის ხელმწიფისა და მმართველობის ქვეშ დარჩებოდნენ, სულითა და ხორცით წაწყმედილი იქნებოდნენ და ედემს ვერასოდეს ნახავდნენ.

გადაწყვეტილების მისაღებად დრო საკმარისი იყო. სტამბულში 1879 წელს დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მუჰაჯირობის ოფიციალური ვადები იქნა დამტკიცებული, ვადა 1882 წლის თებერვლამდე ჰქონდა (შემდგომში ეს ვადა 1884 წლამდე გადაიწია). წასვლას ბევრი აპირებდა, მაგრამ ბევრიც ორჭოფობდა. რა მოელოდათ იქ, ოსმალეთში, ზუსტად არავინ იცოდა. ოსმალეთიდან მუჰაჯირების ყოფაზე ათასგვარი ხმები ჩამოდიოდა. ზოგი ამბობდა, რომ მუჰაჯირები ოსმალეთში ბედნიერად ცხოვრობდნენ, ზოგი კი ამ ხმებს მონაჩმახს უწოდებდა.

გაზეთი `კავკაზი~ წერდა, რომ ბათუმის მაზრიდან სტამბულში ხალხის თხოვნით გაემგზავრა ლომან ეფენდი, მუჰაჯირების საცხოვრებელი პირობების შესატყობად და იქედანვე მოუწერია წერილი, რომლითაც აფრთხილებდა ხალხს, არ გადმოსახლდეთ, თორემ სიღატაკისა და უბედურების მეტი არაფერი მოგელითო.

ლომან ეფენდი, იგივე ლომან ქარცივაძე, მოლა იყო. სტამბულში მისმა ჩასვლამ და მუჰაჯირების მონახულებამ ბევრ ოჯახს გადააფიქრებინა ოსმალეთში გადახვეწა. 1880 წელს, 14 ივნისს, ლომან-ეფენდი ბათუმის გუბერნატორს სწვევია და განცხადება გადაუცია, რომელშიც მოსახლეობა გუბერნატორს საოჯახო პირობების უცვლელად დატოვებას, ტყით უფასოდ სარგებლობის უფლებას, რელიგიის ხელშეუხებლობას და ოსმალეთიდან გადმოსული ყაჩაღებისაგან დაცვას სთხოვდა.

აჭარიდან ხალხის გადასახლებას გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძეც, რომელმაც მეტი ყურადღება მოითხოვა აჭარის მიმართ: `ჩვენ გაჭირვებულების ძმები ვართ… ეს არასოდეს და არას შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს ქართველობამ… ამ ძმობაში გამოიკვანძა ჩვენი ბედი, ამ ძმობამ ჩვენის ბედნიერების კვირტიც უნდა გამოიტანოს. ქართველობავ, ჩვენის უწმინდესი ვალია, უნდა მივეშველოთ… ამის შემდეგ ნუღარ კვირობთ, დღეს, მეცხრამეტე საუკუნეში რამდენი მაგალითი ვნახეთ ხალხის მამაპაპისეული ძირიდან აყრისა და გადასახლებისა. დე, ამაზედ ჩვენს შემდეგ ისტორიკოსები განცვიფრდეს, ჩვენ კი ეს გულისტკივილი შევნიშნოთ და შევიტანოთ ჩვენს მატიანეში~.

მშველელი კი არ ჩანდა. ათასობით ადამიანი რამდენიმე წლის მანძილზე აწყდებოდა ბათუმის ნავსადგურს, რუსი ჩინოვნიკები ყურს არ იბერტყავდნენ, არც ადარდებდათ ეს საკითხი. მუჰაჯირებს კუთვნილი მიწების გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ და ამ მიწებზე ხომ ყოველთვის შეიძლებოდა რუსეთიდან ხალხის ჩამოსახლება.

ივანე ჯაიანი, რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878 წ.წ.) დროს ჭოროხის ხეობაში მდგარი რუსული ჯარის ოფიცერი, აქაური ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ „დროებასა~ და „ივერიაში~ წერილებს აგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წერილში ვკითხულობთ: `ამას წინათ ბათუმიდან მივდიოდი, კახაბრის მინდორში რომ მოვედი, იქ ორმოც მოსახლემდის შემხვდა. კაცი ცოლ-შვილით და ბარგი-ბარხანით ოსმალეთში მიმავალი ვნახე, ზოგს ცხენზე აეკიდა ბარგი, და ზოგსაც ზურგზედ, როგორც კაცებს, აგრეთვე ქალებს, ბათუმში ეჩქარებოდათ, პარახოდს მივასწროთო… დამიწყეს თვალცრემლიანმა ლოცვა და გამოთხოვება. მართალი მოგახსენოთ იმათმა ტირილმა მეც თვალში ცრემლი მომგვარა. ზოგიერთი ქალების ტირილ-ქვითინიც მესმოდა, რომლებიც ჩვენთან ახლოს იდგნენ ჩადრში გამოხვეულები. მე ვკითხე, რად მიხვალთ ოსმალეთში-მეთქი. იმათ მიპასუხეს: რა ვქნათ ბატონო, იქითგან ხისიმები მოვიდნენ და გვიქეს იქ ყოფნა და ჩვენც მივალთო. ბევრი ვურჩიე დარჩენილიყვნენ თავის მიწა-წყალზე, მაგრამ არ დაიშალეს…~

მაინც მიდიოდნენ. ცრემლებით, გულისტკივილით, უკეთესი ცხოვრებისა და იმის იმედით, რომ ამჯერად მაინც ვინმე იზრუნებდა მათზე.  მათი საწუხარი თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ აკაკი წერეთლის დაკრძალვაზე აკანკალებული ხმით თქვა ქობულეთელმა აცრემლებულმა მოხუცმა, მაჰმადიანმა ქართველმა გულო აღა კაიკაციშვილმა: `გევედრები, დაუბარე ამ შენებს, რომ ცალი თვალი და ერთი ხელით სანთელი ჩვენსკენ დაიჭირონ, გვინათონ და გვიპატრონონ, აღვადგენიონ ჩვენი ენა, გვიხსნან იმ გაჭირვებიდან, რომელშიაც ნამეტურ ეხლა ვიმყოფებით!~.

ნანა კვაჭაძე

სტატია მომზადებულია შემდეგ მასალაზე დაყრდნობით: გაზეთი `დროება” 1880- 1883 წწ. სამსონ ფირცხალავა `სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი~, ილია ჭავჭავაძე – `თხზულებანი”, თეიმურაზ კომახიძე _ ხელვაჩაურის (ბათუმის) რაიონი~, ბათუმი 2003 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s