ბათუმის პოლიცმეისტერის ოჯახი

მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბათუმში ასეთი ოჯახი ცხოვრობდა _ დურმიშხან ჟურული თავისი ჯალაბობით. დურმიშხან ჟურული, ბათუმის პოლიცმაისტერი იყო, ცოლი _ ქეთევანი, ქართული თეატრისა და საზოგადოდ, ქართული კულტურის დიდი გულშემატკივარი.

როგორი იყო მათ დროს ბათუმი? პატარა ქალაქი ნელ-ნელა ვითარდებოდა, ნავსადგური უცხოური გემებითა და ფალუკებით იყო სავსე, ბათუმი თანდათან ნამდვილი ქალაქის სახეს იძენდა, მაგრამ კულტურული ცხოვრებისათვის ნაკლებად თუ სცხელოდა ვინმეს. ქალაქში გასართობი ადგილები არ მოიპოვებოდა, ერთადერთი გართობა პოლკოვნიკ ვეზირიშვილის ბატალიონი და `პარადობა~ იყო. დავით კლდიაშვილი წერს, რომ ბატალიონის უფროსი, პოლკოვნიკი ვეზირიშვილი, რომელსაც ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილის და ჰყავდა, დიდი ახირებული კაცი იყო, თავის ნაწილს ისე უყურებდა, როგორც თავის საკუთრებას. მიცვივდებოდნენ ხოლმე ბათუმელი ყმაწვილი ქალები ვეზირიშვილთან და სთხოვდნენ ბატალიონი `საპარადოთ~ გამოეყვანა. ვეზირიშვილიც უსრულებდა თხოვნას ლამაზმანებს, გამოჰყავდა როტები და ცერემონიით ასეირნებდა წინ და უკან.

ჟურულების ოჯახის სტუმართმოყვარეობაზე წერს დავით კლდიაშვილი თავის მოგონებებში _ `ჩემი ცხოვრების გზაზე~: `დიდ დახმარებას უწევდა სკოლას ბათუმის პოლიცმეისტერის, დურმიშხან ჟურულის მეუღლე ქეთევანი. ეს უკანასკნელი არა თუ ამ სკოლას უწყობდა ხელს, იგი იყო ბათუმის ქართველი საზოგადოების თავმომყრელი და სულისჩამდგმელი. მისი ოჯახი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ქართველები; მას დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული ქართველობაშიც და გარეშე მხრივაც. ბათუმში ჩამოსული ყოველი ინტელიგენტი ქართველი თავს მოვალედ რაცხდა ამ ოჯახში მისულიყო. ქართველ არტისტებს აქ დიდი ყურადღება ექცეოდათ და დიდად ხელი ეწყობოდათ. ქართული სკოლა ამ ოჯახის მზრუნველობით არსებობდა~.

ამ ოჯახში მიიყვანეს  დავით კლდიაშვილიც, ახალგაზრდა ოფიცერი, რომელიც ბათუმის ბატალიონში მოავლინეს სამუშაოდ. კლდიაშვილს განათლება რუსულ ენაზე ჰქონდა მიღებული და ქართული კარგად არ იცოდა, რაც გაცნობისთანავე უსაყვედურა მწერალს პოლიცმეისტერის მეუღლემ. მალე ქართული სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა უნდა გამართულიყო, სადაც კლდიაშვილსაც ერგო ერთი როლი, მაგრამ მან ქართული ცუდად იცოდა, ამიტომ ქეთევან ჟურული დამატებით რეპეტიციებს უწყობდა: `ჩამაჯენდა სავარძელში ქეთევანი და მათქმევინებდა როლს. ერთი ათჯერ, თხუთმეტჯერ უნდა გამემეორნა ჩემი მონოლოგი; გაწვალებული ვიყავი ასეთი სწავლით, მაგრამ არანაკლები გაწვალებული იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც შემომაძახებდა ხანდახან მოთმინებადაკარგული: `არ შეიძლება ასე, ყმაწვილო, უნდა ისწავლოთ ქართული, ქართველი ხართ!” მეც ძალიან მოწადინებული ვიყავი მესწავლა ჩემი ენა, მაგრამ წარმატებაში ნელი ნაბიჯით შევდიოდი~.

ერთ-ერთი ასეთი რეპეტიციის დროს პოლიცმეისტერმა ცენზორობა მოინდომა. მოყვარულ მსახიობებს, რომელთა სულისჩამდგემელი ქეთევან ჟურული იყო, გიორგი ერისთავის `გაყრა~ უნდა დაედგათ. პოლიცმეისტერს მოურავის ლექსი არ მოეწონა, `ასი თუმნითა სუდსა _ პალატას ხელით ვაქანებო…~ დურმიშხან ჟურულმა დაიჟინა, ეს ადგილი ამოშალეთ, ამის თქმის ნებას ვერ მოგცემთ, სამსახურიდან დამითხოვენო. ამის თაობაზე ცოლ-ქმარს დიდი კამათიც მოსვლიათ. საბოლოოდ საქმე ქეთევანის სასარგებლოდ გადაწყდა, ლექსი არ ამოშალეს და პოლიცმეისტერის `ცენზორობა~ უშედეგოდ დასრულდა.

ბათუმის მოწყენილ ცხოვრებას ხანდახან თბილისიდან ჩამოსული არტისტები ახალისებდნენ. ისინი, ძირითადად, ზაფხულობით ჩამოდიოდნენ საგასტროლოდ. იმ დროისთვის ბათუმში თეატრი არ იყო, წარმოდგენები სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში იმართებოდა, სადაც ასი კაცი და სახელდახელოდ გამართული სცენა ძლივს ეტეოდა, მაგრამ სივიწროვეს არავინ დაგიდევდათ.

აქვსენტი ცაგარელი, რომელიც მის დასსთან ერთად 70-ანი წლების ბოლოს საგასტროლოდ იყო ჩამოსული ბათუმში, წერს: `ქართველ ოჯახებში მაშინ ბათუმში მეთაურობდა პატივცემულ დურმიშხან ჟურულის ოჯახი… დურმიშხანი ბათუმის პოლიციის უფროსი ბრძანდებოდა და, მაშასადამე, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის გავლენიანი პირი იყო… ბათუმში ეს პატიოსანი ოჯახი აღმოგვაჩნდა მუქთა სასტუმროდ: სადილ-ვახშამი ამ ოჯახში ჩვენთვის ყოველთვის მზად იყო, და რაც შეეხებოდა ჩვენი სცენის საჭიროებას, დარბაისელი ქეთევან ჟურულისა არაფერს ჰზოგავდა დასახმარებლად~.

აქვსენტი ცაგარელის მოგონებებში ვხვდებით ჟურულების ოჯახის პატარა წევრს, გიორგი ჟურულს, რომელიც ამ დროს პირველი კლასის კადეტი ყოფილა. `ბათუმში დაგვჭირდა პატარა ქალის მოთამაშე. ბევრი არ გვიფიქრია, და უცბათ გამოვსძებნეთ…  დღევანდელი ჩვენი ცენზორი გიორგი ჟურული, პირველი კლასის კადეტი, რომელიც გამოვიყვანეთ პატარა გოგოს როლში, მოკლე და არშიებით მორთულ ქალის ტანისამოსით. ქალში ვერ გამოარჩევდი კაცი, ისე უხდებოდა ეს დედათა სამოსელი და მშვენივრადაც შეასრულა თავისი როლი~.

თეატრითა და ლამაზი არტისტი ქალებით მოხიბლულ გიორგი ჟურულს თავისი ფავორიტისთვის, ნატო გაბუნიასათვის საჩუქრის მირთმევა მოსურვებია. მაშინ არტისტებს ხშირად სჩუქნიდნენ ყვავილებსა და ძვირფას საჩუქრებს და არც გიორგი ჟურულს სურდა ამ ამბებს ჩამორჩენოდა. წასულა საქალაქო ბაღში და მებაღისთვის უთქვამს: `მამამ _ კარგი თაიგული გამიკეთე და გამომიგზავნეო~. მებაღეს ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ გიორგი მამის დავალებით იყო გამოგზავნილი და აბა პოლიცმეისტერს უარს როგორ ეტყოდა! გაუკეთა მშვენიერი თაიგული, მაგრამ გიორგი ჟურულს ახლა `ლენტი~ მოუნდა თაიგულის შესაკრავად. წავიდა მაღაზიაში და აარჩია საუკეთესო ლენტი, რომელიც 20 მანეთად დაუფასეს. პირველი კლასის მოსწავლეს ამდენი ფული საიდან უნდა ჰქონოდა, არც თაიგულის მირთმევა უნდოდა ულენტოდ. იფიქრა და გადაწყვიტა! ნატო გაბუნიასთან მივიდა სასტუმრო `როსიაში~ და უთხრა: `_ ნატო, დედამა _ დღეს ქართულ წარმოდგენაზე უნდა მოვიდე ნამდვილი ქართული ტანისამოსითაო და რომელი საუკეთესო სარტყელიც გქონდეს, გამომიგზავნეო.

_ გულის პირი ხომ არ უნდაო? _ ჰკითხა გაბუნიას ქალმა.

_ არა გულის პირი აქვს, მარტო სარტყელი უნდა, _ მიუგო ამან~ (აქვსენტი ცაგარელი, `მოგონებანი~).

იმ დღეს წარმოდგენაზე მსახიობებმა ბევრი საჩუქრები მიიღეს. ნატო გაბუნიას სხვა საჩუქრებთან ერთად ულამაზესი თაიგულიც მიართვეს, ძვირფასი ლენტით შეკრული. საკუთარი სარტყელი ნატო გაბუნიამ მოგვიანებით იცნო და პირკატა ეცა, მაგრამ მთავარი უკვე მომხდა _ გიორგი ჟურულის `კავალერობა~ შედგა.

ნანა კვაჭაძე

სტატია  მომზადებულია შემდეგ მასალაზე აყრდნობით: ავქსენტი ცაგარელი `მოგონებანი~ 1901 წელი, გაზეთი `ცნობის ფურცელი~, დავით კლდიაშვილი `ჩემი ცხოვრების გზაზე~.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s