ბათუმი ხელიდან ხელში – ბრიტანული არქივებიდან

ბათუმი. გადაღებულია რუსეთ–თურქეთის 1977–1978 წლების ომის შემდეგ. (ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში)

ბათუმის დაბრუნება მნიშვნელოვანი და მრავალი საინტერესო წვრილმანებით აღსავსე ისტორიაა, რომელსაც  ბოლო წერტილი ქართველმა გმირმა, გენერალმა მაზნიაშვილმა დაუსვა. მანამდე კი იყო უამრავი სავალალო (მაგალითად, 1828 წლის ადრიანოპოლის ზავის დადებისას რუსი ჩინოვნიკის უვიცობით დაშვებული შეცდომა, ჭოროხი ჩოლოქში რომ აერია) ბატალიები, რომელიც, ჩვენდა საბედნიეროდ, 1878 წელს ბათუმისა და მთლიანად აჭარა-არდაგანის შემოერთებით  დასრულდა. უამრავი მეცნიერული ნაშრომი, თემა, რეფერატი, წერილი თუ მხატვრული ნაწარმოები მიეძღვნა ამ მოვლენას, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა მაინც ამოუწურავია. ამჟამად წარმოგიდგენთ ბილიოტის ერთ მოხსენებას.

რობერტ სოლსბერი, 1830-1903 წწ.

სერ ალფრედ ბილიოტი (1833_1915 წწ.) იყო იტალიის ლევანტის მკვიდრი, რომელიც შეუერთდა ბრიტანეთის საგარეო სამსახურს და საბოლოოდ მისი ერთ_ერთი გამოჩენილი კონსული გახდა მე-19 საუკუნის ბოლოს. იგი პროფესიით არქეოლოგი გახლდათ და მნიშვნელოვან არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ  ანატოლიაში. მეთაურობდა წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგის რაინდებს 1898 წლის ოქტომბრიდან.

მისი არც თუ ისე კარგი ინგლისურით შედგენილი მოხსენებები აღიარებულია 21-ე საუკუნის სწავლულებისაგან, ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა დიპლომატიის ისტორია, ანთროპოლოგია და რა თქმა უნდა, არქეოლოგია. ის მუშაობდა ბრიტანეთის ვიცე-კონსულად როდოსში, საიდანაც 1873 წელს გადაიყვანეს ტრაბზონში. შემდეგ იყო კონსული ჩინეთსა და თესალონიკში. თესალონიკში მისი მოღვაწეობა დაემთხვა ომის მზადების პერიოდს, საბოლოოდ ბალკანურ ომებში რომ გადაიზარდა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მის კორესპონდენციებს, რომელსაც ის აგზავნიდა ბრიტანეთის საგარეო ოფისში. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ეხება სწორედ ბათუმის საქართველოსთან დაბრუნებას, 1878 წელს.

„ვიცე-კონსული ბილიოტი მარკიზ სოლსბერის (მიღებულია 24 სექტემბერს)

(N 120. პოლიტიკური)

ტრაბზონი. 12 სექტემბერი1878.

ბატონო ჩემო,

წარმოგიდგენთ რუსების მიერ ბათუმის დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებს, რისი შეგროვებაც შევძელი.

დილით, მიმდინარე თვის 6-ში, რუსული სამხედრო ნაწილები, რომელნიც პრინც მირსკის მეთაურობით ჩაქვში იმყოფებოდა, დაიძრნენ ქალაქისკენ, ვიდრე რუსული ღუზაჩაშვებული  ესკადრონი  იმავე მიმართულებით უშვებდა ორთქლის ბოლქვებს.

(აღნიშვნის ღირსია, რომ მკვლევარი ვლადიმირ სიჭინავა წიგნში `ბათუმის ისტორიიდან~  ბათუმში რუსულ-ქართული ჯარის შემოსვლის თარიღად ასახელებს 25 აგვისტოს დღის 11 საათს. ეტყობა ბილიოტი ახალი სტილით გადმოსცემს თარიღს, თანაც არსებობს პლანკეტის ცნობა, რომელიც იმავეს ადასტურებს:

„St. Petrrsbunjh, September 8, 1878.I HAD the honour to forward to your Lordship, at 315 г.м. this day, the following telegram en ctair.-

“A telegram from the Grand Duke Michael to the Emperor, published officially this morning, announces that the Russian troops entered Batoiun at 11 A.M. on Friday the 6 th instant. The Russian authorities immediately took possession of the town, all the Turkish civil employe’s having departed. Fifteen tabors of Turkish troops still remain, but will be sent off as soon as possible. All quiet everywhere in the district. Dervish Pasha, with deputation of .Mussulmans and of Christians, met the Russian General at entrance of Batoum.”

Translation from the “Journal de St. Petersbourg” of the official despatch above alluded to is herewith inclosed.I have, &c. (Signed)F.R.. PLUNKETT.  )

ბერძენი და სომეხი ღვთისმსახურები, ჯვრით ხელში და მოლა ადგილობრივ, ქრისტიან და მუსლიმან მოსახლეობასთან ერთად გაემართნენ რუსებთან შესახვედრად.

მცირე ხნის შემდეგ დერვის ფაშა, _ სამი ბატალიონის მეთაური, _ დაიძრა  პრინც მირსკისთან შესახვედრად.

რუსები მოაბიჯებდნენ ამ შემადგენლობით:

კაზაკების ერთი ესკადრონი.

პრინცი მირსკი დევრიშთან, გენერალ ოკლობჟიოსთან, მიურიდთან, პრინც დოლგოროვსკისთან და პირად შემადგენლობასთან ერთად.

კაზაკების მეორე ესკადრონი.

41-ე დივიზიონის ოთხი ბატალიონი.

ეგერთა ოთხი ბატალიონი.

ერთი ბატალიონი 6 ზარბაზნით.

მთლიანად 7000 კაცამდე.

ხებასთან (კჰება) განთავსებული ორი რუსული ბატალიონი და გენერალი კომაროვი ბათუმში არ შემოსულა.

რუსები ქალაქში შემოვიდნენ შუადღით, ისინი მიესალმნენ თურქულ დროშას ზარბაზნის 21 გასროლით და შემდეგ აღმართეს რუსული დროშა, ზარბაზნის 101 სალუტით.

პრინცმა მირსკიმ რამდენიმე სიტყვით გადმოსცა იმპერატორის დიდსულოვანი  კეთილგანზრახვა ბათუმისა  და მისი შემოგარენის მოსახლეობისადმი.

დერვიშ ფაშამ ისადილა პრინც მირსკისთან  რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, და  შემდეგ საპასუხო სადილზე მიიწვია პრინცი მირსკი ერთ-ერთ თურქულ ხომალდზე.

ერთი დღის შემდეგ, როცა ვიცე-ადმირალი არიფ-ფაშა ჩამოვიდა ბათუმში, მას  სალუტით მიესალმნენ, როგორც მთავარსარდალს და შემდეგ რუსულმა და თურქულმა სამხედრო გემებმა ადგილები გაცვალეს“.

სამწუხაროა, როცა შენი ძირძველი ქალაქი და მიწა იმპერიათა ასპარეზი და  „ხელიხელსაგოგმანებელი“ ადგილია მხოლოდ. და ისიც ცხადია, რომ სხვისი დახმარებით დაბრუნებული ტერიტორიები ხელმეორედ დასაბრუნებელი იყო ყოველთვის და ორმაგი თუ ათმაგი ქართული სისხლის ფასად გვიჯდებოდა.

ავტორი: ფრიდონ ქარდავა

აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის

განყოფილების მთავარი სპეციალისტი

One response to “ბათუმი ხელიდან ხელში – ბრიტანული არქივებიდან

  1. Pingback: ბათუმის შემოერთების თარიღის გამო « ძველი ბათუმის ქრონიკები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s