დამსხვრეული ოცნება პარიზზე

ფალიაშვილის ქუჩის ექვს ნომერში აგურით ნაშენი, ერთსართულიანი სახლი დგას. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ადგილზე, ოქროს თუმნიანების ფასად, მიწა იასონ სიორიძემ შეიძინა და 1902 წელს სახლიც ააგო.

იასონ სიორიძე ბათუმში გურიიდან ჩამოვიდა. სიორიძეები საეკლესიო ყმები იყვნენ. საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილმა _ იასონმა უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. რუსეთიდან კი ბათუმში ჩამოვიდა. იმ დროისთვის  ბათუმი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქალაქად ითვლებოდა.

ოცდარვა თუ ოცდაათი წლის იასონ სიორიძემ ცოლად კეჭეხმაძის ქალი _ 14 წლის ელისაბედი შეირთო და მუშაობა ბათუმის საქალაქო სამმართველოს ფინანსურ განყოფილებაში დაიწყო.

აგურის ერთსართულიანი სახლი მალე ახმაურდა. ჰოლი, მისაღები ოთახი, შუშაბანდი, სამზარეულო და ჭერში დატანებული საზაფხულო ოთახი ბავშვებისა და სტუმრებისთვის საუკეთესო ადგილი იყო. სახლს პატარა შიდა ეზოც ჰქონდა, ერთმანეთში გადახლართული ვაზის ლერწებითა და წითელი ვარდებით დაბურული. ეზოში შეზლონგები იდგა, კარგ ამინდში აქ ჩაის სვამდნენ ვერცხლის სადგამში ჩასმული მინის ჭიქებით. უფროსები კონიაკსაც ხშირად მიირთმევდნენ ბროლის წითელი, წვრილი ოქროსფერი ორნამენტებით მორთული სირჩებით; ბავშვებს კი, ალბათ, ტკბილეულისკენ უფრო მიუწევდათ გული. სახლში მუდამ იყო მურაბა და მაშინ ძალიან მოდური ვაშლის ნამცხვარი.

მცირე დოზით აუცილებლად უნდა ყოფილიყო მურაბა ალუბლის ან კაკლის. ეს საოჯახო დღესასწაულის ნაწილად მიიჩნეოდა: მურაბას საგანგებო სპილენძის ტაშტში ხარშავდნენ.

სიორიძეების მისაღებ ოთახში იდგა ავსტრიული როიალი, რომელზეც ოჯახის რამდენიმე წევრი უკრავდა. მაშინ როიალი ბათუმში იშვიათობა იყო  და როცა საკრავი სახლში მოიტანეს, მთელი ქუჩა საუბრობდა, რომ სიორიძეების ოჯახმა უცნაური, სამფეხა ავეჯი შეიძინა.

იასონ სიორიძეს ხუთი შვილი ჰყავდა. სამი ვაჟი: ანდრია, გიორგი, ილია და ორი ქალიშვილი: თამარი და ეკატერინე. სიორიძეების ოჯახს ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა და იასონ სიორიძემ სახლში ფრანგი გუვერნანტი ქალი მოიყვანა. მისი სახელი დღეს არავის ახსოვს, ისიც უცნობია, როგორ მოხვდა ბათუმში ფრანგი გუვერნანტი, რომელმაც მთელი ცხოვრება სიორიძეების ოჯახში გაატარა. ჯერ როგორც ბავშვების აღმზრდელმა, შემდეგ კი _ ოჯახის წევრმა.

იასონ სირაძე და ელისაბედ კეჭეხმაძე. ქორწინების ფოტო

`მადამ~ _ ასე ეძახდნენ სიორიძეები ფრანგ ქალს, რომელმაც მიუხედავად ბათუმში გატარებული მრავალი წლისა, ვერც ქართული და ვერც რუსული ენა ვერ ან არ ისწავლა. ალბათ, მისი გავლენით სიორიძეები ოჯახში, ძირითადად, ფრანგულად საუბრობდნენ. ბავშვები ძალდაუტანებლად, იოლად ითვისებდნენ ენას. `დაჯექი!~ მიუთითებდა `მადამ~-ი რომელიმე მათგანს ფრანგულად და ჯერ თვითონ ასრულებდა მოქმედებას, შემდეგ კი ბავშვი იმეორებდა. იასონ სიორიძის შვილებისთვის ფრანგული მეორე მშობლიური ენა იყო.

ეკატერინე და თამარ სიორიძეებმა ბათუმის კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი დაამთავრეს და სწავლა თბილისში გააგრძელეს.

1921 წელს, ეკატერინე, თამარი და გოგი სიორიძეები პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში წასასვლელად გაემზადნენ. ყველაფერი მზად იყო, შვილები ბათუმში უკვე ოჯახსა და მეგობრებს ემშვიდობებოდნენ, როცა 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა, საზღვრები ჩაიკეტა და ოცნება პარიზსა და ევროპულ ცხოვრებაზე დასრულდა.

ეკატერინე სიორიძე. ფოტო საოჯახო ალბომიდანეკატერინე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და გათხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეგრეთ წოდებულ `ცეკაში~ მუშაობდა, პარტიაში შესვლაზე უარი განაცხადა. `მე მათ არ ვცნობ~, _ ამბობდა ქალი, რომელსაც ოცნება პარიზზე საბჭოთა ხელისუფლებამ წაართვა. ეკატერინეს კლასიკური მუსიკა უყვარდა. რომელიმე ოპერიდან არიას წაიღიღინებდა და ოჯახის წევრებს ეკითხებოდა: `აბა, მითხარით, რომელი ოპერიდან არის?~ მას ფრანგული ენის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ცხოვრების ბოლო წლებში რუსულ ენაზე უკვე აღარ საუბრობდა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად იცოდა ეს ენა.

მიუხედავად იმისა, რომ გამგზავრება ვერ შეძლეს, დები ისე ცხოვრობდნენ, როგორც ადრე, როცა მათი ოჯახი ბათუმში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იასონ სიორიძის ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეცვლილა. იგი პენსიაში გასვლამდე საქალაქო მმართველობაში მუშაობდა, რომელსაც საბჭოთა საქართველოში უკვე სხვა სახელი ერქვა.

იასონ სიორიძის ვაჟი, გიორგი, პროფესიით მეტალურგი იყო. `ჟორჟეტ~ – ასე ეძახდნენ გიორგის ოჯახის წევრები. თუ საქართველოს ენციკლოპედიას გადაფურცლავთ, წაიკითხავთ, რომ იგი სილიკატის აგურის ერთ-ერთი გამომგონებელია. ამ გამოგონების გამო რეპრესიების დროს იგი სტალინთან დაიბარეს. `მეგონა, რომ დამიჭერდნენ~ _ ყვებოდა შემდეგ გიორგი სიორიძე, თუმცა იგი რეპრესიებს გადარჩა და სტალინმა პრემიით დააჯილდოვა.

ილია სიორიძემ სამხედრო სამსახური არჩია; ოჯახში ყველაზე უმცროსი, ანდრია კი ბათუმში გაზეთ `სავეცკაია ადჟარიას~ რედაქტორის მოადგილე იყო.

იასონ სიორიძე საკმაოდ მხცოვანი გარდაიცვალა გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი გარდაცვალებიდან მოკლე ხანში გარდაიცვალა მისი მეუღლეც და სახლში თამარ სიორიძე დარჩა, რომელიც განათლების სამინისტროს თანამშრომელი და მასწავლებელი იყო.

ანდრია სიორიძის შვილი, რუსუდანი წინაპრებზე საუბრის დროს იხსენებს, თუ როგორი აურა სუფევდა იმ სახლში, რომლის ბოლო დიასახლისი თამარ სიორიძე იყო _

ტილოს გახამებული ჩიხოლით დაფარული, ძველებური ავეჯი, კედელზე დიდი ხალიჩა ზედ მიმობნეული წინაპრების ფოტოებით, როიალი სამშვენისებით, დიდი სარკე, რომლის კუთხეში მუდამ იდგა სუნამოს ფლაკონი.

თამარი განსაკუთრებით პეწიანი ქალი იყო, მუდამ ზამშის, საგანგებოდ შეკერილ ფეხსაცმელებს და აბრეშუმის ცვირსახოცებს ატარებდა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი ასწავლიდა ფრანგულს, რუსულსა და გერმანულს.

ფალიაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი აგურის სახლი დღესაც სიორიძეების მფლობელობაშია. თავის დროზე იასონ სიორიძემ სახლი ხუთივე შვილს და მათ შთამომავლებს თანაბარი უფლებებით დაუტოვა. სიორიძეები დღეს აქ არ ცხოვრობენ. ზოგი მათგანი ბათუმში, ზოგი თბილისში, ზოგიც მოსკოვშია, მაგრამ ყოველ მათგანს ეს სახლი დღემდე აერთიანებს.

ძველი ნივთებიდან ამ სახლში რამდენიმე შემორჩა, მათ შორის ძველი, ავსტრიული როიალი და სამურაბე სპილენძის ტაშტი, რომელშიც წლებია მურაბა არავის მოუხარშავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s