მეთევზეებისა და კონტრაბანდისტების ქალაქი

საგრძნობლად მწირია ბათუმის  ისტორიის თურქული ოკუპაციის პერიოდის მასალები, ამიტომაც ყველა დოკუმენტს, ყველა ფურცელსა თუ ფოლიანტს, რაც ძველი ბათუმის ცხოვრებასა თუ  ისტორიაზე  თუნდაც უმნიშვნელო რამეს გვიამბობს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  მით უფრო საინტერესოა, როცა იმ დროის ჩვენს ქალაქზე, ცნობილი ბრიტანელი მოღვაწე, იმჟამად ტრაპზონის კონსული მოგვითხრობს. სანამ პალგრევის მოხსენებებიდან ნაწყვეტს გაეცნობით, მოკლედ მის შესახებაც ვიტყვით:

უილიამ გიფორდ პალგრევი (1826-1888წწ.) დაიბადა ვესტმინსტერში. ის იყო სერ ფრანსისკ პალგრევისა და ელიზაბეტ თიურნერის ვაჟი. განათლება მიიღო `ჩართერჰაუზ სქულში~, შემდეგ სმიტფილდის სიახლოვეს გააგრძელა სწავლა  დოქტორ სანდერსის ხელმძღვანელობით, სწავლობდა ოქსფორდში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. აღსანიშნავია, რომ მას ოქროს მედალიც კი აქვს მოპოვებული კლასიკურ პოეზიაში. მსახურობდა ინდოეთში, სამეფო ქვეითთა ჯარში.

მოგვიანებით მოინათლა კათოლიკედ, თავი ღვთისმსახურებას მიუძღვნა, შეუერთდა იეზუიტებს (იესოს საზოგადოება) და მსახურობდა როგორც ორდენის წევრი, ინდოეთში, რომსა და სირიაში. ცდილობდა,  მოეპოვებინა საფრანგეთის მხარდაჭერა და ნაპოლეონ III -ის კეთილგანწყობა.

1865 წელს პალგრევი დაბრუნდა ევროპაში, უარყო  კათოლიკური  ეკლესია და დაიწყო სამსახური ბრიტანეთის საგარეო ოფისში. 1866 წელს დაინიშნა `სუხუმ-კალეში~ (სოხუმში) კონსულად. 1867 წელს გადავიდა ტრაპიზონში. შემდგომში იყო კონსულად სანტა ტომასში, მანილაში, ბულგარეთსა და ბანგკოკში. ბოლოს პალგრევი გახდა ურუგვაიში მუდმივმოქმედი გენერალური კონსული, სადაც აღესრულა 1888 წელს.

ჩვენთვის მისი მოღვაწეობის თურქული პერიოდია საინტერესო, როდესაც ის  ტრაპიზონში კონსულობის დროს მოხსენებებს უგზავნიდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისს. გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ორი მოხსენებიდან, რომელიც ბათუმს ეხება.

ტრაპიზონის კონსულის, პალგრევის მოხსენება, 1872 წელი:

`ეს ქალაქი მდებარეობს ღრმა ყურის დასავლეთ მხარეს, ჭოროხისწყლიდან 16 მილის დაშორებით, ზღვის სანაპიროზე. ოცი წლის წინ ის იყო მხოლოდ სოფელი, ვიდრე რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ხაზის შექმნითა და ფოთის მეზობლობით არ განვითარდა კომერციულ მნიშვნელობამდე, რომლითაც ის უკვე აჭარბებს რამდენიმე მნიშვნელოვან ნავსადგურს ამ სანაპიროზე.

ახლა ის არის მუთასირიფის თუ გუბერნატორის მოადგილის ადგილსამყოფელი, რომლის იურისდიქციის ზონაა ტრაპიზონი, რომელიც მოიცავს თურქეთის საქართველოს დიდ ნაწილს და მთლიანად ლაზეთს. ბათუმის ბაზრობა მოიცავს 385 მაღაზიას, ბევრი მათგანი საკმაოდ კარგადაა მომარაგებული სანოვაგით, თუ სპირტით თუ მანჩესტერის საქონლით. სახლების რიცხვი შეადგენს 240-ს;  მუდმივმაცხოვრებელი _ 1383-ს, რომელთა 1/12–ს წარმოადგენენ ბერძნები, 1/3–ს ემიგრანტი ჩერქეზები; ამათ შეიძლება დაემატოს არამდგრადი  400 სული, რომლებიც პორტთან არიან განთავსებულნი~.

აღსანიშნავია, რომ პალგრივი თავის ადრინდელ მოხსენებაში _ 1868 წელს, ცოტა სხვა სურათს იძლევა:

`ბათუმი ახლაც მცირედითღა აღემატება ლაზისტანის სანაპიროს სოფლებს. ის ძირითადად, მეთევზეებითა და კონტრაბანდისტებითაა დასახლებული. თუმცა ამის მიზეზი, ბევრ სხვა რაიმესთან ერთად, მოსახლეობის ჩქარი ზრდაა, რომელიც ჯერაც მატულობს. ახლანდელი მონაცემებით ბათუმში _ 4500 მუსლიმანი, 350 ბერძენი; 120 სომეხი, საერთო ჯამში 4970 მოქალაქეა. ბაზრისმოედანი შეიცავს 150 მაღაზიას, მათ შორის 50 მეტი ახალაშენებულია და ნავმისაბმელთან ახლოსაა განთავსებული~.

ამ ორი მოხსენებიდან კარგად ჩანს მაღაზიების განვითარების სურათი, მაგრამ მოსახლეობის რიცხვი საეჭვოა. 1868 წელს თუ 4970 მოსახლე იყო, 1872 ვერაფრით იქნებოდა 1383. აქ ეტყობა კორექტურასთან გვაქვს საქმე, რაც, იმედია, დოკუმენტებთან შემდგომო მუშაობის დროს გაირკვევა (ისტორიკოს ვლადიმერ სიჭინავას მონაცემებით, 1878 წელს ბათუმის მოსახლეობა შეადგენდა 3000 მოქალაქეს. მკვლევარი თავის მხრივ ეყრდნობა წიგნს `ბათუმი და მისი შემოგარენი~). 1868 წლის მოხსენებაშივეა საუბარი მოსახლეობის შემადგენლობაზე და ბარემ აქვე მოვიყვანთ იმ ნაწყვეტს:

`ბათუმის მოსახლეობა ძალიან არეული ხასიათისაა. ის შედგება თურქებისგან, ლაზებისაგან, ქართველებისგან, ჩერქეზებისგან, აფხაზებისა და ზანგებისგანაც კი; ბერძნები აქ მუდმივმოსახლენი არიან.  ისინი, ძირითადად, მცირემომწოდებლებს  ან სპირტის საცალო გამყიდველებს წარმოადგენენ. სომხები ბათუმში ახალდასახლებულები არიან; ისინი აქ მოვიდნენ ერზრუმის შიდა მხარეებიდან~.

ამასთან დაკავშირებით პალგრივი საინტერესო დასკვნას აკეთებს;

`შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სომხების ყოფნას და გამრავლებას აღმოსავლეთის ქალაქში აქვს ისეთივე დიდი მნიშვნელობა, როგორიც ებრაელების დასახლებას ევროპაში; ეს არის სამონეტო საქმიანობის გაფართოებისა და რეგიონის განვითარების საზომი თერმომეტრი~.

ახლა კი ისევ 1872 წლის მოხსენების ნაწყვეტით დავასრულებთ ამ სტატიას:

`ქალაქში არის დანგრეული და დაუმთავრებელი კონაკები, თუ სახელმწიფო შენობები; ტელეგრაფის სადგური _ მხოლოდ თურქული დეპეშებისთვის, ასეთივე ფოსტა; საკარანტინო სადგური ლაზარეთის გარეშე; ორი მეჩეთი; პატარა საზოგადო აბანო; საბაჟო სახლი; რუსეთის საკონსულო, საზღვაო სააგენტო და ბერძნული ეკლესია. სიტუაცია არის სავალალო და ავადმყოფური: მოუწყობელი ქუჩები. ქალაქი ძალიან ჭუჭყიანია. ნავსადგური, რომლის გეგმაც აღვწერე, პატარაა, თუმცა მშვენიერი და დაცულია ყველანაირი ქარისგან, გარდა ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთისა. ხშირი ქარები აქ გამოწვეულია კავკასიონის უღელტეხილის სიახლოვით. ქარი ძლიერად ხმაურობს ზღვის სანაპიროსთანაც და ნავმისაბმელთანაც.

ნავსადგურის შესასვლელში, დასავლეთ წერტილში, კონსტანტინეპოლის ფრანგული კომპანიის მიერ რკინის ბოძებზე დამონტაჟებულია ლამპიონები; მოწყობილია ხის ხიმინჯები და ნავმისაბმელი, ასევე, ნავსადგურის შიგნით _ რუსეთის კომპანიის _ მისაბმელი ტივტივა. ეს ყველაფერი ეკუთვნის თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც მისდათავად არაფერს აკეთებს არც უსაფრთხოებისთვის, არც პორტის სარგებლობისთვის და განუწყვეტლივ ხელს უშლის მის განვითარებას.

ბათუმის მნიშვნელობამ ყურადღება იმიტომ მიიქცია, რომ ქერჩიდან სურმენეჩის, უფრო სწორედ, სინოპის სანაპიროს მრავალ ათას მილიან ხაზზე არ არის სხვა უსაფრთხო ნავსადგური, სადაც საზღვაო ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს ყველა ამინდში.

ისიც მართალია, რომ მხოლოდ რუსები მიხვდნენ ამ უპირატესობის სარგებელს. მათ აქციეს ბათუმი შავი ზღვის ამ ორი ხაზის შეხვედრის ადგილად; ესაა, ოდესა _ ქერჩის ხაზი ჩრდილოეთით და ტრაპიზონი სამხრეთით…

თურქეთის საზღვაო კომპანიებმა გვიან გააგზავნეს თავიანთი გემები კონსტანტინოპოლიდან ბათუმში. მაგრამ ისინი მათი არაპუნქტუალობითა და მწირი შესაძლებლობებით კონკურენციას ვერ უწევენ რუსეთს~.

ავტორი: ფრიდონ ქარდავა

აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s