საბაჟო კორუფცია ძველ ბათუმში

პორტო-ფრანკოს კონტრაბანდისტები

პორტო-ფრანკო _ სიტყვა-სიტყვით თავისუფალი ნავსადგური. ასე უწოდებდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ ბათუმს 1878-1886 წლებში. იდეა ინგლისს ეკუთვნოდა, მან ბერლინის კონგრესზე ქალაქის პორტო-ფრანკოდ გამოცხადება მოითხოვა და გაიტანა კიდეც. ბერლინში დადებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტის მიხედვით, რუსეთს ბათუმი პორტო-ფრანკოს სტატუსით გადაეცა. რუსეთის იმპერიაში ბათუმი მესამე პორტო-ფრანკო იყო, ოდესისა და ვლადივოსტოკის შემდეგ.

პორტო-ფრანკოს წესდების საფუძველზე, ბათუმში დაშვებული იყო უცხოური საქონლის თავისუფალი შემოტანა. ეს შეღავათები არ ვრცელდებოდა რუსული წარმოების საექსპორტო საქონელზე.

დადგინდა პორტო-ფრანკოს საზღვრები. იგი იწყებოდა მდინარე სარი-სუდან (თანამედროვე ბათუმის პორტის შენობის ცენტრალური შესასვლელის მიდებარე ტერიტორია), გადიოდა დაუსახლებელ, დაჭაობებულ ვაკეზე (დაახლოებით თანამედროვე პუშკინის ქუჩა) და მთავრდებოდა თანამედროვე ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩების გასწვრივ.

დაახლოებით 22 კვადრატული კილომეტრის ფართობი ღრმა თხრილითა და მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული. ამის იქეთ გატანილ ნებისმიერ საქონელზე ყველას ბაჟი უნდა გადაეხადა.

რამდენად  სასარგებლო აღმოჩნდა `პორტო-ფრანკოს~ სტატუსი ქალაქის განვითარებისთვის, ამაზე ისტორიკოსები სხვადასხვა აზრის არიან. თუმცა იმდროინდელი ქართული პრესა ამგვარ სურათს გვიხატავს:

`დროება~, 1883 #226: `ბათუმი უსიამოვნო სურათს წარმოუდგენს მაყურებელს, როცა რომელიმე აჭარელი მოდის დამოჟნის პორტის უფროსთან და ეხვეწება: `შენი თავ-ფეხის ჭირიმე, ეს ერთი ადლი ჩითი გამატანე, ბაღნები ტიტვლები მყავს და უნდა შევუკერო~. მაგრამ ვინ არის გამგონი ამ მუდარისა.

ზოგიერთი აჭარელი პატარა ჩითს ან მიტკალს უბეში მალავს, მაგრამ ისე ოსტატურად და ხელოვნურად ვერა. მათ პოსტის სალდათებმა არ შეიძლება არ მიაგნონ და უბეში კონტრაბანდა არ დაუჭირონ. აი, უპოვეს აჭარელს უბეში მიტკალი, მიჰყავთ მილიციაში და შემდეგ, როცა ერთი ხუთად გადაიხდის კონტრაბანდის ფასს, მიდის დაღონებული~.

`ივერია~, 1886 წელი, # 11:  `ბათუმი პორტო-ფრანკოა, ისეთი ქალაქი, სადაც უბაჟოდ ყოველიფერს შეიტან, მხოლოდ იქედან თუ გამოიტან, ბაჟი უნდა მისცე. ძალიან შეავიწროვა ხალხი ამგვარმა საქმის მდგომარეობამ. ეს არის მიზეზი, რომ ბათუმის მაზრამ მიართვა არზა უმაღლესს მთავრობას, რომ პორტო-ფრანკო მოისპოს. უეჭველია, უმაღლესი მთავრობა ხალხის სურვილს პატივს სცემს. მაშინ მთავრობას ექნება საქმე პირდაპირ უცხოელთა სოვდაგრებთან, რომელთაც თვითონ გადაახდევინებს ბაჟსა~.

პორტო-ფრანკოს სტატუსით გამოწვეულ უხერხულობაზე წერს დავით კლდიაშვილიც, რომელიც იმ პერიოდში ბათუმში ცხოვრობდა: `ბათუმი მაშინ პორტო-ფრანკო იყო; პატარა ქალაქი ოთხი ათასი მცხოვრებით მდებარეობდა ზღვის პირად… მაშინ რკინიგზა არ იყო დამთავრებული და მისვლა-მოსვლა წარმოებდა ზღვით; ფოთიდან კვირაში რამდენჯერმე პატარა გემები დადიოდა და გადაჰყავდა მიმსვლელი და მომსვლელი… რაკი ბათუმი პორტო-ფრანკო იყო, ყოველი მგზავრის ბარგი ბათუმიდან გამგზავრების დროს უნდა გაეჩხრიკათ საბაჟოში და ხელმეორედ ფოთში მისვლისას.  ეს იმისთვის, რომ კონტრაბანდით არ გამოეტანათ რამე ბათუმიდან. ბევრ არასასიამოვნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, ბევრი სასაცილო ამბავიც მომხდარა. ნამეტურ ქალები აწარმოებდნენ კონტრაბანდისტობას, ბევრს იჭერდნენ, მაგრამ ბევრს ისე გაჰქონდა კონტრაბანდა, რომ საოცარი იყო მათი ამბავი~.

ბათუმი პორტო-ფრანკოში ქალაქის გარშემო 12 საგუშაგო იდგა, ყოველი გამვლელ-გამომვლელი იჩხრიკებოდა; გადატანილ ნავაჭრზე, რაც არ უნდა მცირე ყოფილიყო, ბაჟი უნდა გადაეხადათ. კლდიაშვილი წერს, რომ დარაჯები ათასგვარად თვითნებობდნენ და ავიწროვებდნენ ადამიანებს ბარგის გაჩხრეკა-შემოწმების დროს. ბათუმიდან გამოსვლის წინ მგზავრების ჩხრეკა, ხელბარგის, პირადი ნივთების გამომზეურება, რასაც თან ახლდა საბაჟოს მოხელეების მხრიდან უხეშობა, თვითნებობა და ძალაუფლების გადამეტება, დიდ უკმაყოფილებას იწვევდა და ამის გამო მთავრობის უმაღლეს ეშელონებში არაერთი საჩივარი შესულა.

ბათუმში საბაჟო პორტო-ფრანკოს სტატუსამდე გაცილებით ადრე რომ არსებობდა, ამაზე დიდი ბრიტანეთის ტრაპიზონელი კონსულის, პალგრევის ანგარიშებიც მოწმობს, რომლებშიც ბათუმის საბაჟო არაერთხელაა ნახსენები. პალგრევი წერს: `აქაური ვაჭრობა მჭიდრო კავშირში იყო კონტრაბანდასთან…~

ბათუმის ოსმალური საბაჟო სამმართველო თანამედროვე მეზღვაურთა საავადმყოფოსა და ჭავჭავაძის ქუჩის ზღვისპირა ტერიტორიაზე მდებარეობდა. ოსმალურმა საბაჟოებმა აჭარაში 1978 წლამდე, ბათუმის რუსეთის იმპერიაში შემოერთებამდე, იარსება.

ისტორიკოსი მალხაზ სიორიძე, თავის წიგნში: `ბათუმის საბაჟო~, აღნიშნავს, რომ როგორც საბაჟოს საარქივო მასალები მოწმობს, ზოგი ცდილობდა ბათუმში შეძენილი საქონელი ბარგში ძველ ნივთებთან ერთად ჩაეწყო და ასე გაეტანა, სხვები ერთდროულად რამდენიმე კაბას იცვამდნენ, ქსოვილის ნაჭრებს ტანზე იხვევდნენ, ევროპულ მაქმანებსა და ბაბთებს, რაც მაშინ ძალიან მოდური იყო, ძველ ტანსაცმელზე აკერებდნენ და ა.შ.

ისტორიკოსი წერს, რომ არქივებში, ძირითადად, წვრილმანი კონტრაბანდისტების საქმეებია თავმოყრილი და ეს საქმეები ბათუმის პორტო-ფრანკოს კონტრაბანდისტული ვაჭრობის რეალურ სურათს არ გვაძლევს. არადა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კონტრაბანდისტებსა და საბაჟოს თანამშრომლებთან მათ კავშირზე არა მარტო ქართული, არამედ იმპერიის პრესა წერდა. პუბლიკაციების სათაურები სენსაციური იყო: `ბათუმის პორტო-ფრანკოს სასწაულები~, `ბათუმის განსაწმენდელი~, და ა.შ.

კორუფცია და მექრთამეობა ყვაოდა. საბაჟოზე, ძირითადად, წვრილმან კონტრაბანდისტებს აკავებდნენ, ამიტომ ხალხი უკმაყოფილო იყო.

ამის მიუხედავად პორტო-ფრანკომ ბათუმს განსაკუთრებული მომხიბვლელობა მაინც შესძინა. ყოველწლიურად მატულობდა ბათუმში ჩამოსულ მოგზაურთა, საქმოსანთა თუ უბრალო ცნობისმოყვარეთა რიცხვი. 1885 წელს ქალაქში 34 500 მეტი უცხოელი ყოფილა. საბაჟოს გვერდის ავლით, სხვადასხვა ხერხით, კონტრაბანდის სახით, ბევრი მათგანი ცდილობდა იაფად ნაყიდი ევროპული საქონელი გაეტანა ქალაქიდან გასვლისას.

ბათუმის პორტო-ფრანკოს სტატუსით რუსი ვაჭრებიც უკმაყოფილონი იყვნენ. ზოგიერთი მათგანი პორტო-ფრანკოს გაუქმების მომხრე იყო. თავის დროზე თავს მოხვეული პორტო-ფრანკო არც იმპერიას უნდოდა და 1886 წლის ზაფხულში საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბათუმი თავისუფალი ნავსადგურის სტატუსით სარგებლობდა, ცალმხრივად შეწყვიტა. ბათუმი პორტო-ფრანკო ისტორიას ჩაბარდა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s